ბაიდენი: ნავთობის მოპოვების კუთხით საუდის არაბეთისგან ნაბიჯებს ველით
აშშ-ს პრეზიდენტი ვიზიტით საუდის არაბეთში იმყოფება, ეს ქვეყანაში ჯო ბაიდენის პირველი ვიზიტია პრეზიდენტის რანგში. ბაიდენი პირველად შეხვდა საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცს, მოჰამედ ბინ-სალმანს.
საუდის არაბეთში ვიზიტის მთავარი თემები ირანის საფრთხე, ისრაელთან ურთიერთობების დათბობა და ნავთობის მოპოვების გაზრდაა. პრეზიდენტი ბაიდენი ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გამართულ კონფერენციაზე ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის თემასაც შეეხო და განაცხადა, რომ ამ თემაზე პრინცსაც ესაუბრა.
ამერიკელი პრეზიდენტი შეეხო ნავთობის მოპოვების საკითხსაც - "ყველაფერს ვაკეთებ რათა გაიზარდოს ნავთობის წარმოება და ამ კუთხით წარმატების მოლოდინიც მაქვს. ამ წუხილს იზიარებს საუდის არაბეთს და დღევანდელი ჩვენი შეხვედრის საფუძველზე ველოდები გარკვეულ ნაბიჯებს მომდევნო კვირებში".
საუდის არაბეთში ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში ჯო ბაიდენის 4-დღიანი ტურნეს მნიშვნელოვანი ნაწილია - ტურნეს ფარგლებში აშშ-ში პრეზიდენტი უკვე იმყოფებოდა ისრაელში, სადაც პრემიერ იაირ ლაპიდს და პალესტინური ადმინისტრაციის უფროსს, მაჰმუდ აბასს შეხვდა.
ბაიდენის ჩასვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთი გახსნის საჰაერო სივრცეს ისრაელის სამოქალაქო თვითმფრინავებისთვის. ცნობილი გახდა, რომ გადაწყვეტილია წითელ ზღვაში მდებარე ორი კუნძულიდან საერთაშორისო დამკვირვებელთა კონტინგენტის გაყვანა.
საუბარია კუნძულებზე ტირანი და სანაფირი, რომელიც ისრაელმა ეგვიპტეს 6-დღიანი ომის დროს წაართვა, მხარეებს შორის 1979 წელს გაფორმებული კემპ-დევიდის შეთანხმებებით ისრაელმა კუნძულები ეგვიპტეს დაუბრუნა, თუმცა ადგილზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მეთვალყურეობის ქვეშ - კუნძულები ისრაელისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი აკაბის პორტის მახლობლად მდებარეობს, საიდანაც მარტივად შეიძლება საზღვაო ვაჭრობის შეფერხება.
ჯო ბაიდენის ახლო აღმოსავლური ტურნეს შესახებ უფრო მეტის გასაგებად შეგიძლიათ მოუსმინოთ ჩვენს პოდკასტს არასაფრენი ზონა.