ბაიდენი ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერზე: აღშფოთებას იწვევს
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერის გაცემის შესახებ.
მან ამ გადაწყვეტილებას აღმაშფოთებელი უწოდა.
"ICC-ის მიერ ისრაელის ლიდერების დაპატიმრების ორდერის გაცემა აღმაშფოთებელია. ნება მომეცით კიდევ ერთხელ განვმარტო: რაზეც არ უნდა საუბრობდეს ICC, არ არსებობს რანაირი ეკვივალენტობა ისრაელსა და ჰამასს შორის." - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მან ასევე გაიმეორა, რომ შეერთებული შტატები ყოველთვის იდგება ისრაელის გვერდით.
კონტექსტი
21 ნოემბერს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ღაზაში კაცობრიობის წინაშე ჩადენილი და ომის დანაშაულების ბრალდებით ისრაელის პრემიერისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერი გასცა.
"არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ნეთანიაჰუსა და გალანტს ეკისრებათ პასუხისმგებლობა ღაზის მოსახლეობის შიმშილზე და რომ შიმშილი გამოიყენებოდა ომის იარაღად. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ნეთანიაჰუმ და გალანტმა შეგნებულად აღკვეთეს ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საკვების, წყლის, მედიკამენტების, საწვავისა და ელექტროენერგიის მიწოდება." - ნათქვამია პრეს-რელიზში