ბაიდენი: პუტინის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე რეალურია
კალიფორნიაში დონორებთან შეხვედრაზე ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ პუტინის ბირთვული მუქარა "რეალურია."
ბაიდენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეშფოთებულია ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენების გამო.
"როდესაც აქ ვილაპარაკე დაახლოებით ორი წლის წინ და ვთქვი, რომ მაწუხებდა მდინარე კოლორადოს დაშრობა, ყველა გიჟივით მიყურებდა. ზუსტად ასე მიყურებდნენ როცა ვთქვი, რომ ვღელავდი პუტინის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხეზე. ეს რეალურია," - განაცხადა ბაიდენმა.
შაბათს მან პუტინის მიერ ბელორუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას "აბსოლუტურად უპასუხისმგებლო" უწოდა.
მანამდე პუტინმა განაცხადა, რომ პირველი რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკვე ბელორუსის ტერიტორიაზეა და საბოლოოდ მისი განთავსება წლის ბოლომდე დასრულდება.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჯერ არ არსებობს იმის ნიშნები, რომ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად ემზადება.