ბაიდენს კიმ ჩენ ინთან შეხვედრა სურს - თეთრი სახლი
აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის განსახილველად, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან შეხვედრა სურს.
ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ Kyodo-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
კირბის თქმით, ფხენიანმა დადებითად არ უპასუხა ვაშინგტონის წინადადებას შეხვედრის შესახებ, მაგრამ წინადადება ძალაში რჩება.
"ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ და ვისაუბროთ წინაპირობების გარეშე," - დასძინა მან.
კირბიმ არ დააკონკრეტა ზუსტად როდის გაკეთდა ეს შეთავაზება.
სააგენტოს ცნობით, ეს წინადადება იმაზე მიუთითებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან დასაკავშირებლად ძალისხმევას აძლიერებს.
ბაიდენის წინამორბედი დონალდ ტრამპი პირადად სამჯერ შეხვდა კიმ ჩენ ინს. ამჟამინდელი ადმინისტრაცია კი დენუკლეარიზაციის საკითხში პროგრესის მიღწევას "ბევრი არხების ოფიციალური მონაწილეობით, მაგრამ უმაღლეს დონეზე არ ცდილობდა."
Kyodo-მ ასევე აღნიშნა, რომ კირბის განცხადება აშშ-ის, იაპონიის და სამხრეთ კორეის ლიდერების სამმხრივი სამიტის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გაკეთდა, რომლის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ჩრდილოეთ კორეის ბირთვული და სარაკეტო შესაძლებლობების სწრაფი განვითარება იქნება.
18 აგვისტოს ბაიდენი იაპონიის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას და სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სუკ-იოლს კემპ დევიდში უმასპინძლებს.