ბაიდენს ნეთანიაჰუს მიმართ მოთმინება "ეწურება" - Axios
პრეზიდენტი ბაიდენი და აშშ-ის სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები სულ უფრო მეტად იმედგაცრუებული არიან ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ქმედებებით, რადგან ის უარს აცხადებს ღაზას ომთან დაკავშირებით ადმინისტრაციის ბოლოდროინდელი თხოვნების შესრულებაზე.
ამის შესახებ Axios-ს ამ საკითხის უშუალოდ მცოდნე ამერიკელმა ოთხმა ოფიციალურმა პირმა განუცხადა.
ჰამასის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელის მხარდამჭერი პოზიცია დაიკავა. საჯაროდ ეს მხარდაჭერა გრძელდება, თუმცა ორი ქვეყნის ხელისუფლებებს შორის უთანხმოება მზარდია.
"სიტუაცია ცუდია და ჩვენ გაჭედილი ვართ. პრეზიდენტს მოთმინება ეწურება," - განუცხადა Axios-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.
ბაიდენს და ნეთანიაჰუს 23 დეკემბრის დაძაბული სატელეფონო საუბრის შემდეგ, 20 დღის განმავლობაში არ უსაუბრიათ. ომის პირველ ორ თვეში ისინი თითქმის ყოველ მეორე დღეს საუბრობდნენ.
სანამ ბაიდენი ტელეფონს გათიშავდა, ნეთანიაჰუმ უარი უთხრა მას მოთხოვნაზე, რომ ისრაელს პალესტინისთვის საგადასახადო შემოსავლები ჩაერიცხა.
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ კომუნიკაციის შემცირება "არაფერს ამბობს" ურთიერთობების მდგომარეობაზე.
მაგრამ მხარეებს შორის უფრო და უფრო მეტი გაღიზიანების ნიშნები ჩნდება. "არის უზარმაზარი იმედგაცრუება," - თქვა ამერიკის მთავრობის წარმომადგენელმა.
ბაიდენის იმედგაცრუების მთავარი მამოძრავებელი ფაქტორია ნეთანიაჰუს წინააღმდეგობაა მისი მოთხოვნების მიმართ.
საგადასახადო შემოსავლების საკითხის გარდა, ბაიდენი და მისი მრჩევლები თვლიან, რომ ისრაელი საკმარისს არ აკეთებს იმისათვის, რომ ღაზაში ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს.
ისინი ასევე იმედგაცრუებული არიან ნეთანიაჰუს მიერ ომის შემდგომი დღის წესრიგის სერიოზულად განხილვისა და რეფორმირებული პალესტინის ადმინისტრაციის ღაზაში ხელისუფლებაში მოსვლაზე უარის თქმის გამო.
აშშ-ის ოფიციალური პირები ახლა სულ უფრო მეტად არიან შეშფოთებული, რომ ისრაელი იანვრის ბოლოსთვის ღაზაში დაბალი ინტენსივობის ოპერაციებზე ვერ გადავა, რაც სამოქალაქო პირებში მსხვერპლის რაოდენობას არ შეამცირებს.
იმედგაცრუების შესახებ კითხვაზე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა Axios-ს განუცხადა, რომ ადმინისტრაცია "ფოკუსირებულია იმაზე, რომ ისრაელს შეეძლოს თავი დაიცვას ჰამასისგან," ასევე ცდილობს გაზარდოს დახმარება ღაზასთვის "პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის შესამსუბუქებლად" და მუშაობს ისრაელთან "ყველა მძევლის განთავისუფლების უზრუნველსაყოფად."