Bellingcat: ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზა სწრაფი ტემპით შენდება

ონლაინ საგამოძიებო გამოცემა Bellingcat-ი, სატელიტური ფოტოების ანალიზზე დაყრდნობით წერს, რომ დროებით ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

2023 წლის ოქტომბერში, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ოჩამჩირეს პორტში, სადაც მცირე ზომის ქვანახშირის ტერმინალი და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) სანაპირო დაცვის განყოფილება იყო განლაგებული, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების შავი ზღვის ფლოტის ახალი ბაზა აშენდება და ეს „მუდმივი განლაგების ადგილი“ იქნება.

Bellingcat-ის მიხედვით, ნავსადგურში სამშენებლო აქტივობა 2024 წლის დასაწყისიდან აჩქარდა; მიმდინარეობს ახალი შენობების აშენება და პერიმეტრის გაფართოების სამუშაოები, მაშინ, როდესაც, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მიერ 2023 წელს გაკეთებულ განცხადებას ოფიციალური მოსკოვი არ გამოხმაურებია და არც სამშენებლო სამუშაოები დაწყებულა.

სხვადასხვა ექსპერტის მოსაზრებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დროებით ოკუპირებული ყირიმში რუსულ სამხედრო გემებზე პერმანენტულმა თავდასხმებმა, ოჩამჩირეს ნავსადგური რუსეთისთვის, შესაძლოა, სტრატეგიული მნიშვნელობის გახადოს.

გამოცემის თანახმად, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის არსებობამ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოს გეგმებზე, განავითაროს თანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში, რომელიც ოჩამჩირეს სამხრეთით, სულ რაღაც 60 კმ-ში მდებარეობს.

დროებით ოკუპირებულ ოჩამჩირეს პორტში დაფიქსირებული ცვლილებები მოიცავს რამდენიმე ახალ საძირკველს, გაწმენდილ მიწის ნაკვეთებსა და პერიმეტრის გაფართოების სამუშაოებს. ეს ყველაფერი საგრძნობლად ზრდის ბაზის საერთო ფართობს. ნავსადგურის აღმოსავლეთით, სადაც სარკინიგზო ლიანდაგები სამხედრო ბაზაში შედის, გაწმენდილია დაახლოებით 9 ჰექტარი მიწა და, როგორც ჩანს, დიდი საძირკველი, დაახლოებით, 100x40 მეტრი ფართობის, რამდენიმე კვირის განმავლობაში შენდებოდა.

ბაზის ტერიტორიის აღმოსავლეთით, ბაზასა და ქალაქ ოჩამჩირეს შორის, გაწმენდილია და გაზრდილია პერიმეტრი. სატელიტური სურათების ჩრდილები, როგორც ჩანს, აჩვენებს, რომ ამ მარშრუტის გასწვრივ აშენდა ღობე, რაც მიუთითებს ბაზის სივრცის მნიშვნელოვან გაფართოებაზე.

2024 წლის ივნისიდან, ნავსადგურთან ახლოს კიდევ ერთი საძირკველი ჩაიყარა. ასევე ჩანს პორტში ბაზირებული რუსული საზღვაო ფლოტის პროექტი 22870-ის საბუქსირე გემი, რომელიც, ოჩამჩირეს პორტში 5-10 ივლისი პერიოდში, ნოვოროსიისკის პორტიდან შევიდა.

ბაზის აღმოსავლეთ მხარეს გაიწმინდა რამდენიმე ნაკვეთი, თუმცა, გამოცემის თანახმად, სატელიტური ფოტოების მიხედვით აღნიშნული სივრცის დანიშნულება ჯერჯერობით უცნობია.

 

გამოცემის თანახმად, რუსეთის გეგმების შესახებ დროებით ოკუპირებულ ოჩამჩირეს საზღვაო ბაზაზე მწირია. მიუხედავად იმისა, რომ სატელიტური ფოტოები აჩვენებს ბაზის გაფართოების მასშტაბურ და მაღალი ტემპის სამუშაოებს, გაურკვეველია, რა იქნება ახალი შენობების/გაწმენდილი ნაკვეთების დანიშნულება, რა არის რუსეთის გრძელვადიანი მიზნები ბაზისთვის და როგორ იმოქმედებს ეს მის სტრატეგიულ პოზიციაზე შავ ზღვაში

კონტექსტი  

ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პირველი სამხედრო გემი შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ OSINT ანალიტიკოსი HI Sutton სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით გაავრცელა. 

ანალიტიკოსის ცნობით, საუბარია პროექტ 22870-ის ტიპის გემზე, რომელიც პირველი ივლისამდე, ბაზირების მუდმივ ლოკაციაზე, ნოვოროსიისკის პორტში იმყოფებოდა, თუმცა, 5 ივლისს, 3 დღიანი გაუჩინარების შემდეგ, ოჩამჩირის პორტში შენიშნეს. 

მსგავსი სიახლეები