ბელორუსის საზღვარზე, მიგრანტებთან შეტაკებისას დაჭრილი პოლონელი მესაზღვრე გარდაიცვალა
ბელორუსის საზღვარზე მიგრანტებთან შეტაკების დროს დანით დაჭრილი პოლონელი მესაზღვრე დაიღუპა.
"ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, მესაზღვრე პოლონეთის საზღვრის დაცვის დროს მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა," - დაწერა პოლონეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა ხუთშაბათს X-ზე.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გარდაცვლილი მესაზღვრის ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.
"მან სიცოცხლე გასწირა პოლონეთის რესპუბლიკის საზღვრის დაცვისას, სამშობლო და მისი თანამემამულეები არ დაივიწყებენ მის მსხვერპლს" - აღნიშნა ქვეყნის პრემიერმა.
იმავე დღეს ვარშავამ გამოაცხადა, რომ პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ მიიღო გადაწყვეტილება, მოიწვიოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა ბელორუსის საზღვართან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
პოლონელი ჯარისკაცი 28 მაისს მძიმედ დაიჭრა, როდესაც მიგრანტები მას დანით დაესხნენ თავს სასაზღვრო ბარიერთან.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესაზღვრემ თავისი ფარი გამოიყენა სასაზღვრო ბარიერში არსებული ხვრელის დასაფარად, რომლის მეშვეობითაც 50-მდე მიგრანტის ჯგუფი ცდილობდა ქვეყანაში შეღწევას და ერთ-ერთმა მათგანმა ის დანით დაჭრა.
მესაზღვრეებმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს ფოტო თავდასხმის სავარაუდო იარაღით - ჯოხზე დამაგრებული დანა.
მეორე დღეს შემთხვევის ადგილზე პრემიერ-მინისტრი ტუსკი ჩავიდა.
მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება აღადგენს ბარიერის ზოლს ბელორუსის საზღვარზე პოლონელ ჯარისკაცზე დანით თავდასხმის შემდეგ. "ჩვენ გვირჩიეს ამ ტერიტორიაზე 200 მეტრიანი ბუფერული ზონის სწრაფად აღდგენა," - თქვა მან.
გარდა ამისა, პოლონეთის ხელისუფლება აპირებს კიდევ უფრო გააძლიეროს მთელი აღმოსავლეთის საზღვარი. მაისის შუა რიცხვებში ქვეყნის მთავრობამ განაცხადა, რომ ამ მიზნებისთვის 2.3 მილიარდ ევროზე მეტის გამოყოფას გეგმავს.
ბოლო კვირების განმავლობაში, არალეგალი მიგრანტების მიერ ბელორუსის საზღვრის გადაკვეთის მცდელობები კვლავ გახშირდა და ამ ინციდენტების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. მიმდინარე წლის დასაწყისიდან 17 ათასზე მეტი ასეთი მცდელობა იყო.