ბლინკენი: რამდენად არის რუსი ხალხის ინტერესებში უკრაინის წინააღმდეგ აგრესია?
რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო ომი არავის ინტერესში არ შედის. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 19 თებერვალს, რუსულ ტელეარხ Дождь-თან ინტერვიუში განაცხადა.
"იმ მომენტამდე, ვიდრე ეს ნამდვილად მოხდება, ჩვენ ვეცდებით ვიპოვოთ დიპლომატიური გამოსავალი, რადგან კონფლიქტი, ომი, აგრესია არავის ინტერესებში არ შედის. ეს უკანასკნელი რამ არის, რაც ჩვენ გვინდა, ეს უკანასკნელი რამ არის, რაც ვინმეს სჭირდება, პირველ რიგში რუს ხალხს. როგორ არის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ რუსი ხალხის ინტერესებში? მე ეს არ მესმის", - განაცხადა მან.
ამერიკელმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ არის საკითხები, რომლებზეც "ჩვენ გვჭირდება, მათ შორის, ერთად კონცენტრირება".
"COVID-19-თან ბრძოლა, რომელიც ყველასთვის პრობლემად იქცა. კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა. ჩვენი ეკონომიკის ზრდა ადამიანების ცხოვრების დონის ასამაღლებლად. სწორედ აქეთ უნდა მივმართოთ ჩვენი ენერგია. სხვა ქვეყანაზე თავდასხმა და მისი დამორჩილების მცდელობა როგორ მოუტანს ვინმეს სარგებელს, მათ შორის, რუსეთის მოსახლეობას? არ მესმის", - თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.