ბორელი: კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკური სპექტრის გასწვრივ ახლა უმთავრესია
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, 26 ოქტომბერს საქართველოში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ბორელის თქმით, "ევროკავშირი ახლოდან აკვირდებოდა მოვლენების განვითარებას საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში. ბოლო თვეებში, ქართველმა ხალხმა აჩვენა მათი ერთგულება დემოკრატიული ღირებულებებისა და მათი ქვეყნის ევროკავშირის გზის მიმართ".
ამასთანავე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი OSCE/ODIHR-ის პირველად ანგარიშსა და დასკვნებს ციტირებს, თუმცა ასევე ამატებს, რომ საარჩევნო დამკვირვებლების ცნობით, არჩევნებში უთანასწორო ბრძოლის ველი, ხოლო წინასაარჩევნოდ, პოლარიზებულ ატმოსფეროში, განხეთქილების გამომწვევი კამპანია იყო.
"მოვუწოდებთ ცესკოს და შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ მათი მოვალეობა და სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და [დარღვევებზე] ბრალდებები." - განაცხადა ბორელმა.
განცხადების ბოლო ნაწილში ბორელი პოლიტიკურ მხარეებს შორის "კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი" მნიშვნელობას უსვამს ხაზს:
"კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკური სპექტრის გასწვრივ ახლა უმთავრესია. ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად, ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, გაატაროს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად". - წერია განცხადებაში.
ბორელის თქმით, ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, და [რომელიც] წინააღმდეგობაშია იმ ღირებულებებთან და პრინციპებთან, რომელზეც ევროკავშირია დაარსებული, უკან უნდა იყოს გაწვეული.