ბრძოლების განახლების შემდეგ ისრაელს დარტმებს ღაზაში 193 ადამიანი ემსხვერპლა

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადის ამოწურვისა და საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ, სექტორში 193 ადამიანი დაიღუპა, დაჭრილია 652. 

ინფორმაციას ამის შესახებ ჰამასის მიერ კონტროლირებადი ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

ჯამურად 7 ოქტომბრის შემდეგ ისრაელის მიერ წამოწყებული საჰაერო და სამხედრო კამპანიის დროს ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვმა უკვე 15 ათასს გადააჭარბა, დაჭრილია კიდევ 40 ათასი. 

სექტორის ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, დაშავებულთა 70% ქალები და ბავშვები არიან. გასულ კვირებში რამდენიმე დასავლურმა მედიამ ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული რიცხვების დამოუკიდებელი ანალიზი ჩაატარა. 

Wall Street Journal-ის გამოძიების მიხედვით, ჰამასის მიერ დაღუპულთა და დაჭრილთა შესახებ გავრცელებული მონაცემები როგორც წესი სანდო და რეალურია. 

კონტექსტი

პირველი დეკემბერს დილით ჰამასსა და ისრაელს შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადა ამოიწურა, თუმცა მოლაპარაკებები ზავის გახანგრძლივების შესახებ კატარში ამ დრომდე გრძელდება. 

კატარის მედიაციით, ისრაელმა და ჰამასმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას 23 ნოემბერს მიაღწიეს. ზავი შემდეგ კიდევ ორჯერ გახანგრძლივდა და ჯამურად 7 დღე გასტანა. 

ამ დროის განმავლობაში მძევლობიდან გათავისუფლდა 110 მძევალი და 300-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი ისრაელის ციხეებიდან. 

 

მსგავსი სიახლეები