ბრიტანეთი მომავალ წელს ესტონეთში ვერტმფრენებს და გამანადგურებლებს გაგზავნის
8 ნოემბერს ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, დიდი ბრიტანეთი, მომავალ წელს, ესტონეთში Chinook-ის და Apache-ის ვერტმფრენებთან ერთად, Typhoon-ის სახელით ცნობილ გამანადგურებელ თვითმფრინავებსაც გაგზავნის.
ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰანო პევკურმა, და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლასმა, შეთანხმებას ხელი ლონდონში მოაწერეს.
ეს ხელშეკრულება ივნისში, ნატოს მადრიდის სამიტზე მიღწეული შეთანხმების პირობებს ასახავს.
პევკურმა თქვა, რომ შეთანხმება, მომავალ წელს, "მნიშვნელოვნად" გაზრდის დიდი ბრიტანეთის წვლილს ესტონეთის უსაფრთხოებაში.
"იანვარში, ესტონეთში Chinook-ის ვერტმფრენები ჩამოვა, მარტში Apache-ები, აპრილში გამანადგურებელი თვითმფორნავები Typhoon, მაისში კი ფართომასშტაბიანი წვრთვნებისთვის, დამატებითი საბრძოლო ჯგუფი დისლოცირდება.
"წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფო, ხელს შეუწყობს ბალტიის ზღვაზე უსაფრთხოების გაზრდას. ამ მიზნით, გაერთიანებულო სამეფოს ერთი ბრიგადა, დიდ ბრიტანეთში, მაღალი მზადყოფნის რეჟიმში იქნება"- - თქვა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, ბრიგადა ესტონეთის ხელმძღვანელობის ქვეშ იქნება და საჭიროების შემთხვევაში, მზად იქნება, რომ დაუყოვნებლივ დისლოცირდეს ბალტიურ ქვეყანაში.
თავის მხრივ, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს ერთგულება, ესტონეთისა და ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართ "ურყევია".
გაერთიანებულ სამეფოს ესტონეთში, ტაპას სამხედრო ბაზაზე, ამჟამად, დაახლოებით, 1600 ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული და ნატოს გაძლიერებული წარმომადგენლობის საბრძოლო ჯგუფს ხელმძღვანელობს.