ბრიტანეთი თავდაცვის ხარჯებს 5 მილიარდი ფუნტით გაზრდის
დიდი ბრიტანეთი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიისა და სხვა მსოფლიო კრიზისების ფონზე თავდაცვის ხარჯებს გაზრდის. დაახლოებით 5 მილიარდი ფუნტი მომდევნო ორი წლისთვის გამოიყოფა, მათ შორის 3 მილიარდი ფუნტი ბირთვულ შეკავებაზე და აშშ-სთან და ავსტრალიასთან სამხედრო ბლოკზე (AUKUS) დაიხარჯება.
ამის შესახებ რიში სუნაკმა 13 მარტს განაცხადა.
დაახლოებით 1.9 მილიარდი ფუნტი საბრძოლო მასალის არსენალის შევსებაზე დაიხარჯება, რომელიც მნიშვნელოვნად შემცირდა უკრაინის სამხედრო დახმარების გამო. დიდი ბრიტანეთი კიევისთვის იარაღის ერთ-ერთი მთავარი მომწოდებელია.
"რადგან მსოფლიო ნაკლებად სტაბილური ხდება და ქვეყნებს შორის მეტოქეობა გაძლიერდება, დიდი ბრიტანეთი მზად უნდა იყოს თავდაცვისთვის", - თქვა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა, რომელიც ვაშინგტონში, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანისს შეხვდება.
სუნაკის თქმით, 2025 წლისთვის ქვეყნის თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 2%-დან 2.25%-მდე გაიზრდება.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლასმა თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 3%-მდე ზრდა მოითხოვა.
ბრიტანეთის მთავარი საფრთხე ჩინეთი და რუსეთია
თავდაცვის ხარჯების ზრდა ბრიტანეთის 2023 წლის თავდაცვის სტრატეგიის (IR23) განახლებული ვერსიის ნაწილია. ამ დოკუმენტში ჩინეთისა და რუსეთის საფრთხეებთან გამკლავება თავდაცვის სფეროში დიდი ბრიტანეთის მთავარ ამოცანად არის დასახელებული.
"IR23 გეოპოლიტიკურ საფრთხეებზე რეაგირების მიზნით მივიღეთ: რუსეთის ქმედებები უკრაინაში, ჩინეთის ეკონომიკურ გავლენის ზრდა და ქვეყნებს შორის გაზრდილი კონკურენცია", - აცხადებს ბრიტანეთის მთავრობა.
ქვეყნის ხელისუფლების თქმით, "უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ევროპის უსაფრთხოების მთავარ რისკთან, რუსეთთან გამკლავება."