ბრიტანეთი უკრაინას ანტისატანკო რაკეტებს გადასცემს

 

დიდი ბრიტანეთი უკრაინას მოკლერადიუსიანი ანტი-სატანკო რაკეტებით მოამარაგებს, განაცხადა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინაში ტექნიკური დახმარების ჯგუფსაც გაგზავნის, რომლებიც უკრაინელ სამხედროებს იარაღის გამოყენებისთვის გაწვრთნიან.

უკრაინის საზღვართან რუსეთის მასშტაბური სამხედრო მობილიზაცია „შეშფოთების ლეგიტიმური მიზეზია“, - განაცხადა უოლესმა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ბრიტანეთის მიერ მიწოდებული ანტისატანკო რაკეტები „სტრატეგიულ შეიარაღებას არ წარმოადგენს“ და მას უკრაინა თავდაცვისთვის გამოიყენებს.

შეიარაღების პირველი პარტია უკრაინაში 17 იანვარს ჩავიდა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლეგ რეზნიკოვმა ბრიტანელ კოლეგას თავდაცვითი შეიარაღების მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა.

უკრაინაში ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების რამდენიმე ათეული მოსამსახურე 2015 წლიდან იმყოფება, რომლებიც კიევს უკრაინელი სამხედროების გაწვრთნაში ეხმარებიან.

დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას 2014 წელს რუსეთთან კონფლიქტის დროს დაზიანებული უკრაინის ფლოტის აღდგენაში დახმარებაც აღუთქვა.

მსგავსი სიახლეები