ბრიტანეთი ვაგნერს ტერორისტულ ორგანიზაციად მალე აღიარებს - Financial Times
ბრიტანეთი ვაგნერის დაჯგუფებას ტერორისტულ ორგანიზაციად რამდენიმე კვირაში გამოაცხადებს.
ამ ინფორმაციას Financial Times ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოსალოდნელია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი სუელა ბრავერმანი ამის შესახებ 2000 წელს მიღებული ტერორიზმის აქტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების შესაბამისად განაცხადებს. ოფიციალური პირები ამ საქმის სამართლებრივ მხარეზე თვეების განმავლობაში მუშაობდნენ.
ამ გადაწყვეტილებით, გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობით ვაგნერი ფაქტობრივად აიკრძალება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს, მისი ლოგოს გამოყენებას, ორგანიზაციის დახმარებას ან მხარდაჭერას.
ვაგნერის აკრძალვა მას ბრიტანეთში იმავე საკანონმდებლო კატეგორიაში მოაქცევს, როგორშიც ტერორისტული ორგანიზაციები - ალ-ქაიდა, ISIS და ჰეზბოლა არიან. ეს ასევე ხელისუფლებას საშუალებას მისცემს ვაგნერს ფინანსური აქტივები ჩამოართვას.
ბრიტანეთის მთავრობამ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადადგა, რაც დეპუტატების მრავალპარტიულმა ჯგუფმა ხელისუფლება ვაგნერის მიმართ უმოქმედობაში დაადანაშაულა.
ბრიტანეთმა უკვე დააწესა სანქციები ვაგნერის, მისი დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინისა და გასამხედროებული ორგანიზაციის სხვა უმაღლესი მეთაურების წინააღმდეგ.