ბრიტანეთის დაზვერვა: ბოლო 2 კვირაში რუსეთის დანაკარგები მკვეთრად გაიზარდა

გაერთიანებული სამეფოს სამხედრო დაზვერვის ცნობით, ბოლო 2 კვირაში რუსეთის დანაკარგები და ომის პირველი კვირის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებლებს მიაღწია. 

ამის შესახებ უწყების ყოველდღიურ ანგარიშშია ნათქვამი. 

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა წერს, რომ მართალია მათ არ შეუძლიათ უკრაინის მიერ გავრცელებული მონაცემების გადამოწმება, მაგრამ მათი ცნობებით უკრაინელების ინფორმაცია რუსეთის დანაკარგების შესახებ რეალობას ასახავს. 

უწყების ცნობით დანაკარგების ზრდა უმთავრესად ცუდი კოორდინაციით, მობილიზებულთა არაეფექტური მომზადებითა და ცუდი მომარაგებითაა განპირობებული. 

ამასთანავე შენაჯამში ნათქვამია, რომ უკრაინელი მხარეც არსებით დანაკარგებს განიცდის. 

კონტექსტი 

არაერთი ავტორიტეტული სამხედრო ექსპერტის აზრით, რუსეთის დაანონსებული იერიში უკვე დაიწყო, თუმცა მისი მასშტაბები უფრო მცირეა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ომის კვლევის ინსტიტუტის ცნობით, რუსეთის მთავარი ძალისხმევა ამ დროისთვის ლუჰანსკის ოლქში კრემენნაია-სვატოვეს ხაზზეა მიმართული. 

რუსეთის გაზრდილ აქტივობაზე ბევრი იწერება დონეცკის ოლქის სამხრეთში ვუჰლედარის მიმართულებითაც - 10 თებერვალს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო და ვიდეოები, რომელზეც ვუჰლედარის შემოგარენში განადგურებული ათობით რუსული ტანკი და ჯავშანტექნიკა ჩანს. 

სამხედრო ექსპერტების აზრით შესაძლოა საქმე გვქონდეს რუსეთის არმიის ერთ-ერთ უმსხვილეს ერთჯერად სატანკო დანაკარგებთან მთელი ომის განმავლობაში. 

მსგავსი სიახლეები