ბრიუსელის ექსპრესი: კვირის მთავარი ამბები ევროკავშირში
მართალია, ფინეთის პრემიერ-მინისტრი სანა მარინი მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, თუმცა კვირის ბოლოს გასამართ არჩევნებზე თანამდებობის შესანარჩუნებლად მძიმე ბრძოლა ელის.
ფინეთში საპარლამენტო არჩევნები კვირას, 2 აპრილს გაიმართება. გამოკითხვების თანახმად, დაახლოებით თანაბარი მხარდაჭერა აქვს სამ პარტიას - ცენტრისტ-მემარჯვენე ეროვნულ კოალიციას, სანა მარინის სოციალ-დემოკრატებს და ულტრამემარჯვენე ფინელების პარტიას.
ორშაბათს, 27 მარტს კი უნგრელი პარლამენტარები კენჭს უყრიან ფინეთის ნატო-ს წევრობის რატიფიკაციას. უნგრეთის მთავრობის წარმომადგენლების თქმით, შვედეთის წევრობას კენჭი "მოგვიანებით" ეყრება.
უნგრეთი თურქეთთან ერთად ხმის მიცემას აჭიანურებს. თავიდან განრიგს იმიზეზებდნენ, ახლა კი ამბობენ, რომ მიზეზი შვედეთისა და ფინეთის მხრიდან უნგრეთში კანონის უზენაესობის ხარვეზების კრიტიკაა.
ბრიუსელში სამშაბათს, 28 მარტს, ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები შეეცდებიან, გაზისა და წყალბადის პაკეტზე შეთანხმდნენ, რაც აგრეთვე მოიცავს შიდა ბაზრის წესებს განახლებად ენერგიაზე, ბუნებრივ აირებსა და წყალბადზე.
მინისტრები ასევე გამართავენ პირველ პოლიტიკურ დებატს ევროკავშირის ინიციატივაზე ევროკავშირის ელექტრო-ბაზრის მოწყობის გადახედვასთან დაკავშირებით.
ამასობაში კომისია გეგმავს, გამოეხმაუროს უნგრეთის ინიციატივას სასამართლოს რეფორმაზე, რომელიც მიზნად ისახავს ბრიუსელიდან მილიარდობით ევროს მიღებას. ამჟამად, კორუფციისა და კანონის უზენაესობის პრობლემების გამო, ბრიუსელს უნგრეთისთვის თანხის გაცემა შეჩერებული აქვს.
ხუთშაბათს, 30 მარტს, ევროპარლამენტარები იმსჯელებენ და კენჭს უყრიან ევროკომისიის უკანასკნელ მოხსენებას წევრ სახელმწიფოებში ევროკავშირის ძირეული ღირებულებების პატივისცემის თაობაზე.
ევროპარლამენტი ბრიუსელში მცირე პლენარულ სხდომას ატარებს, სადაც კომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს გამოჰკითხავენ ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე.
ხუთშაბათს კი ევროპარლამენტარები დაამტკიცებენ შეთანხმებას ხელფასების გამჭვირვალობის შესახებ, რისი მიზანიც ხელფასებში გენდერული სხვაობის შემცირებაა.
ახალი კანონი ევროკავშირის კომპანიებს დაავალდებულებს, ხელფასების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროონ. ამგვარად, კომპანიაში მომუშავეები შეძლებენ, თავიანთი ხელფასები სხვებისას შეადარონ და შესაძლო დისკრიმინაცია შენიშნონ.
იმავე დღეს ევროპარლამენტარები კენჭს უყრიან ახალ წესებს, რომლებიც ევროკავშირში საქონლის უსაფრთხოების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას უზრუნველყოფს.
შიდა ბაზრის კომიტეტი კი კომისიას გამოჰკითხავს ციფრული სერვისების აქტისა და სოციალური მედიის პლატფორმების, განსაკუთრებით ტვიტერისა და ტიკტოკის მომხმარებელთა უსაფრთხოების შესახებ.
სამშაბათ შუადღეს ევროპარლამენტის შინაგან საქმეთა კომიტეტი კენჭს უყრის შეთანხმებას ახალ ევროპულ მიგრაციის პაქტზე.