ბრიუსელის ექსპრესი: კვირის მთავარი საკითხები ევროკავშირში

გთავაზობთ ევროკავშირში მიმდინარე მთავარ მოვლენებს მიმდინარე კვირაში.

პარასკევს, 10 მარტს, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, თეთრ სახლში შეხვდება აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.

ისინი ისაუბრებენ სუფთა ენერგიასა და მიწოდების ჯაჭვებზე, ასევე აშშ-ს მწვანე სუბსიდიებზე, რამაც ევროკავშირის სახელმწიფოებში შეშფოთება გამოიწვია - ისინი შიშობენ, რომ აშშ-ს ამგვარი ნაბიჯი მათ ეკონომიკებს ავნებს.

სუბსიდიები ადგილობრივი პროდუქციისათვის და განახლებადი ენერგიის მხარდაჭერა ბაიდენის ადმინისტრაციის 400 მილიარდიანი ინფლაციის შემცირების აქტის ნაწილია.

სავარაუდოდ, ფონ დერ ლაიენი და ბაიდენი იმსჯელებენ ჩინეთის შესაძლო დასანქცირებაზე იმ შემთხვევაში, თუ ბეიჯინგი რუსეთისათვის იარაღის მიწოდებას გადაწყვეტს.

ევროკავშირი ამჟამად აცხადებს, რომ ამის მტკიცებულება ჯერჯერობით არ აქვს.

ვაშინგტონში გამგზავრებამდე კი ურსულა ფონ დერ ლაიენი კანადაში ჩავა და პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს შეხვდება (7 მარტი).

მათი მთავარი განსახილველი თემა ევროკავშირისა და კანადის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრებლება იქნება, რომელიც მალე შევა ძალაში.

მოლაპარაკებები გაგრძელდება ბრიუსელსა და ბერლინს შორის მას შემდეგ, რაც გერმანიამ ჩააგდო ინიციატივა, რომლის თანახმადაც 2035 წლიდან ევროკავშირში საწვავის ძრავიანი მანქანების გაყიდვა იკრძალებოდა.

ინიციატივა კომისიამ წარადგინა. ის უკვე დაამტკიცა ევროპარლამენტმა და საჭიროებდა წევრი სახელმწიფოების თანხმობასაც.

თავის მხრივ, ეს ინიციატივა მსხვილი პაკეტის ნაწილია, რომლის საბოლოო მიზანი 2050 წლისთვის კლიმატის ნეიტრალიტეტის მიღწევაა.

გასულ პარასკევს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ქვეყანამ, შვედეთმა, ბოლო წუთს გადადო ინიციატივაზე ხელმოწერა გერმანიის უკმაყოფილების გამო.

გერმანიის მთავრობას სურს, რომ ევროკომისიამ წარადგინოს გეგმა, რომელიც გაითვალისწინებს ელექტროსაწვავის გამოყენებას 2035 წლის შემდეგ.

საზღვრების კონტროლი

კვირის მეორე ნახევარში იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრები ბრიუსელში შეხვედრას გამართავენ.

ხუთშაბათსა და პარასკევს ისინი განიხილავენ მიგრაციისა და თავშესაფრის საკითხებს.

მიგრაციაზე იმსჯელებენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებიც მარტში გასამართ სამიტზე. ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი უფრო და უფრო იმატებს.

იუსტიციის მინისტრები განიხილავენ შესაძლო სამართლებრივ პასუხს რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებზე.

ევროპარლამენტარები ხუთშაბათს, 9 მარტს, კენჭს უყრიან ანგარიშს, რომელიც ევროკავშირს მოუწოდებს გადაუდებელი მდგომარეობისთვის 5000 კაციანი რაზმის ჩამოყალიბებას.

იმავე დღეს ევროპარლამენტარები ენერგეტიკის კომიტეტში მოუსმენენ ენერგეტიკის კომისარს, კადრი სიმონს.

ის წარადგენს შეფასებას ევროკავშირის ენერგეტიკული მდგომარეობის შესახებ რუსეთის უკრაინაში შეჭრის ერთი წლის თავზე.

ხუთშაბათს ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო შეეცდებიან დაასრულონ მოლაპარაკებები ენერგიის დაზოგვის ახალ წესებზე, რომელიც ოჯახებს, მცირე და საშუალო ბიზნესებს უნდა დაეხმაროს ენერგიის მოხმარების შემცირებაში.

იქამდე ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა კომიტეტი ათენში გაეგმზავრება, რათა შეაფასოს კანონის უზენაესობის მდგომარეობა.

რვა მარტს ევროპა ქალთა დღეს აღნიშნავს.

მომზადებულია EUObserver-ზე დაყრდნობით.

 

 

 

მსგავსი სიახლეები