ბრიუსელის ექსპრესი: კვირის მთავარი საკითხები ევროკავშირში

მიმდინარე კვირაში, მარტის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტამდე, ბრიუსელში მთავარი თემა ეკონომიკის გამწვანება, მონაცემთა დაცვა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა იქნება.

ორშაბათს, 13 მარტს, ევროზონის ფინანსთა მინისტრები შეიკრიბებიან ბრიუსელში და იმსჯელებენ ფისკალურ გეგმებსა და ევროზონის ინფლაციაზე.

მომდევნო დღეს ეკონომიკის მინისტრები შეხვდებიან. ისინი განიხილავენ ეკონომიკური მმართველობის რეფორმას და ეცდებიან, ამ საკითხზე შეთანხმებას მიაღწიონ.

სამშაბათსა და ხუთშაბათს (14 და 16 მარტი) ევროკომისია გამოაქვეყნებს სამ პოლიტიკის დოკუმენტს კონკურენტუნარიანობის შესახებ: ინდუსტრიაზე, ნედლეულსა და ეკონომიკური ზრდის გრძელდვადიან სტრატეგიაზე.

კომისია აგრეთვე გეგმავს, წარადგინოს ევროკავშირის შიდა ელექტროენერგიის ბაზრის რეფორმა და ჩაუშვას ეკოლოგიური ინდუსტრიული აქტი, რომლის მიზანი მწვანე პროექტებისთვის ნებართვის გაცემის დაჩქარება იქნება.

ევროპარლამენტარები სტრასბურგში შეიკრიბებიან პლენარული სხდომისთვის. ორშაბათს ისინი იმსჯელებენ შენობების ენერგოეფექტურობაზე, სამშაბათს კი კენჭისყრას გამართავენ კანონპროექტზე სათბურის გაზების გამონაბოლქვისა და ენერგიის მოხმარების შესახებ.

სამშაბათსვე მათ უნდა მიიღონ ახალი წესები მიწის გამოყენების, წევრი სახელმწიფოების გამონაბოლქვის შემცირებისა და ევროკავშირის გამონაბოლქვის სავაჭრო სისტემის გადახედვის შესახებ.

სამივე კანონპროექტი ევროკავშირის ერთიანი პაკეტის ნაწილია, რომლითაც 2030 წლისთვის გაზის გამონაბოლქვის 55%-ით შემცირება იგეგმება.

იმავე დღეს ევროპარლამენტარები ენერგეტიკის ევროკომისარს, კადრი სიმსონს გამოკითხავენ ენერგოუსაფრთხოების შესახებ.

საგარეო საკითხები

სამშაბათს აგრეთვე დაგეგმილია ლიეტუვას პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას გამოსვლა ევროპარლამენტში.

ოთხშაბათ დილით კი ევროპარლამენტარებს შეეძლებათ, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი გამოკითხონ 23-24 მარტის ევროკავშირის სამიტის ჩატარებამდე.

სამიტის მთავარი საკითხები მიგრაცია, კონკურენტუნარიანობა, ენერგეტიკა და რუსეთის წარმოებული ომი იქნება.

სამშაბათს ევროპარლამენტარები მოუსმენენ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა წარმომადგენელს, ჟოზეპ ბორელს. ის ისაუბრებს პოლიტიკურ სიტუაციაზე საქართველოში და დემოკრატიის უკუსვლაზე ისრაელში, ასევე მოლდოვის გამოწვევებზე.

ირანელი ნობელიანტი შირინ ებადი და იტალიელი ასტრონავტი, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურის იტალიელი ხელმძღვანელი, სამანტა კრისტოფერეტი ოთხშაბათს ევროპარლამენტს მიმართავენ. მათი გადადებული გამოსვლა ქალთა საერთაშორისო დღეს უკავშირდება.

სამშაბათს ევროპარლამენტარები ასევე იმსჯელებენ ევროკავშირის მონაცემთა აქტზე.

მომზადებულია EUObserver-ზე დაყრდნობით.

 

მსგავსი სიახლეები