ბუდანოვი: ჭურვების მიწოდებაზე რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის შეთანხმება არსებობს
უკვე არსებობს შეთანხმება რუსეთის ფედერაციასა და ჩრდილოეთ კორეას შორის საბჭოთა ტიპის იარაღის - 122 მმ და 152 მმ ჭურვების, ასევე Grad-ის სარაკეტო სისტემის საბრძოლო მასალის მიწოდებაზე.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა NV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ფხენიანი რუსეთს გარკვეული რაოდენობის ტანკების ჭურვებს გადასცემს.
"როდესაც ამბობენ, რომ ახლა პუტინი ხელს მოაწერს, ეს ყველაფერი მცდარია, რადგან თვენახევრის წინ ყველაფერი შეთანხმებული იყო და ჩრდილოეთ კორეიდან მიწოდება დაიწყო. [... ] ჩვენდა სამწუხაროდ, ჩრდილოეთ კორეა არის იარაღის სერიოზული მწარმოებელი, რადგან მათ შეუძლიათ მისი დიდი რაოდენობით წარმოება. რუსეთს არ შეუძლია ასეთი მოცულობის წარმოება," - თქვა დაზვერვის უფროსმა.
ბუდანოვმა თქვა, რომ როდესაც რუსეთის ფედერაცია საუბრობს საკუთარი იარაღის წარმოების გაზრდაზე, ისინი პირდაპირ ცრუობენ.
"რუსეთის ხელისუფლება აჩვენებს გეგმას და არა გეგმის შესრულებას," - თქვა მან.
მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ცნობით, ეს მონაცემები შეადგენს დაგეგმილი მოცულობის უმნიშვნელო ნაწილს - 3-7%-ს, ვინაიდან რუსეთმა თანდათან გაანადგურა საკუთარი მძლავრი საწარმოო ობიექტები. ამავდროულად, ჩრდილოეთ კორეის ჭურვები უარყოფითად იმოქმედებს უკრაინაში საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე, რადგან ოკუპანტების "ჭურვების შიმშილი" დაკმაყოფილდება.
ბუდანოვს მიაჩნია, რომ რუსეთს სურს მილიონობით ჭურვი მიიღოს.
"არის ასეთი შეკვეთა. რამდენად შეძლებენ კორეელები სწრაფად მიწოდებას, ეს საკითხავია," - აღნიშნა მან.