ბუდანოვი: ხარკივთან ვითარება კრიტიკულია, სუმში რუსეთი იერიშისთვის ემზადება

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს დირექტორის თქმით, 10 მაისს რუსეთის მიერ ხარკივის ოლქში დაწყების შეტევის შემდეგ ფრონტს ამ მონაკვეთზე ვითარება კრიტიკულს უახლოვდება, პარალელურად კი რუსეთი სუმის ოლქში ახალი იერიშის დასაწყებად ემზადება. 

ამის შესახებ კირილო ბუდანოვმა New York Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. 

ხარკივის ოლქის ქალაქ ვოვჩანსკის ირგვლივ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბუდანოვის თქმით, რთულ მდგომარეობაში არიან, რადგანაც მათ არ ჰყოფნით რესურსები, პირველ რიგში კი ცოცხალი ძალა. 

"ვითარება წკიპზეა, ყოველი საათთან ერთად ეს ვითარება კრიტიკულს უახლოვდება",- ამბობს ბუდანოვი. 

ГУР-ის ხელმძღვანელის თქმით, ხარკივში რუსეთის მიერ წამოწყებული იერიშის მიზანი ЗСУ-ს ისედაც მწირი რესურსების გამოფიტვაა. ბუდანოვის აზრით, რუსეთი ცდილობს უკრაინა აიძულოს რეზერვები ფრონტის სხვა მონაკვეთებიდან, მათ შორის დონბასიდან ხარკივში გადაისროლოს. 

"ჩვენი დანაყოფები ან აქ არიან, ან ჩასივ იარში. მე უკვე გამოვიყენე ყველა რესურსი, ჩვენ აღარ გვაქვს რეზერვები",- ამბობს ბუდანოვი. 

ამასთანავე ГУР-ის უფროსი პროგნოზირებს, რომ მომდევნო დღეებში უკრაინული ძალები ხარკივთან ვითარების სტაბილიზებას შეძლებენ, რის შემდეგა რუსეთის არმიის შეტევები ფრონტის ამ მონაკვეთზე კიდევ 3-4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

თუმცა მისი თქმით, რუსეთი სუმის ოლქში ახალი იერიშის დასაწყებად ემზადება და ეს შეტევა შესაძლოა უახლოეს პერიოდში განვითარდეს. სუმის ოლქში რუსული დანაყოფების კონცენტრაციის ზრდაზე გასულ დღეებში სხვა უკრაინელი ჩინოვნიკებიც საუბრობდნენ. 

"ამ დროისთვის ჩვენი ამოცანაა ფრონტის სტაბილიზება და შემდეგ მათი განდევნა ჩვენი საზღვრებიდან",- განაცხადა ბუდანოვი. 

მსგავსი სიახლეები