მხარი დაუჭირე დონაციით რეალპოლიტიკას

ახალი ამბები

12:58 | 13 სექტემბერი, 2026 — რუსეთი

კუშნერი: უკრაინა ტერიტორიების დათმობას რომ დათანხმებოდა, შეთანხმება უკვე გვექნებოდა

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯარედ კუშნერმა განაცხადა, რომ ომის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევას მხოლოდ უკრაინის თანხმობა აკლია - უარი თქვას იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი ითხოვს.

ვითარების არსი: კუშნერმა კიევში, ყოველწლიურ ფორუმზე YES, 12 სექტემბერს აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა უკვე მოამზადა სამშვიდობო შეთანხმების ძირითადი ნაწილი, თუმცა მისი ხელმოწერა ყოვნდება ტერიტორიულ დათმობებზე უკრაინის უარის გამო.

  • "პრეზიდენტმა პუტინმა გამოკვეთა თავისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რისი მიღწევა სურს. უკრაინას ამ საკითხში დათმობაზე წასვლის სურვილი რომ ჰქონოდა, ჩვენ უკვე შევათანხმებდით დანარჩენ პუნქტებს. მაგრამ უკრაინას ახლა ეს არ სურს. და ჩვენი, როგორც შუამავლების სამუშაო იმაში მდგომარეობს, რომ ვიპოვოთ კრეატიული გადაწყვეტა, რომელიც არ შეეწინააღმდეგება მათ (უკრაინის - რედ.) სურვილებს, დაეხმარება მიზნის მიღწევაში და ამასთანავე აიძულებს რუსეთს დაასრულოს კონფლიქტი ისე, რომ ორივე მხარემ შეძლოს წინ სვლა იმ სისტემის ფარგლებში, რომელიც გამორიცხავს ამის განმეორებას." - ხაზი გაუსვა კუშნერმა.

სტრიქონებს შორის: ამასთან, კუშნერი მიიჩნევს, რომ ტერიტორიული საკითხი ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს.

  • თავის გამოსვლაში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ორივე მხარის დანაკარგები მძიმეა და კიევიც და მოსკოვიც განიცდიან "დიდ ტკივილს" და აქვთ "მტკიცე განზრახვა" დაასრულონ ომი.
  • "სულ მცირე ახლა ისინი (რუსები - რედ.) სწორ განცხადებებს აკეთებენ, რომ სურთ განიხილონ გზა, თუ როგორ მოაგვარონ ეს. პრეზიდენტ ზელენსკის, იმის მიხედვით, რაც ვნახეთ, გადაწყვეტილი აქვს ეს. და იმის მიხედვით, რაც მოვისმინეთ, პრეზიდენტ პუტინსაც ეს სურს. ჩვენ უბრალოდ გვაკლია სწორი ფორმულის პოვნა, რომელიც ყველას დააკმაყოფილებს." - თქვა კუშნერმა.

დიდი სურათი: თავისი გამოსვლისას, აგრესიისთვის რუსეთისთვის პასუხისმგებლობის საკითხის ნაცვლად, კუშნერმა ისაუბრა ბიზნესინტერესებსა და საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ "ეკონომიკურ კეთილდღეობაზე."

  • სწორედ იმ დროს, როდესაც კუშნერი მსჯელობდა რეალური სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის პუტინის მზადყოფნაზე, კიევში საჰაერო განგაშის სიგნალი გაისმა რუსეთის მორიგი შეტევის გამო.
  • შეკითხვაზე, თუ რამდენად ხშირად გეგმავს ეწვიოს უკრაინას მხარდაჭერის დასადასტურებლად და საჰაერო დარტყმების დროებით შესაჩერებლად მაინც, კუშნერმა განაცხადა, რომ დისტანციურ მუშაობას ანიჭებს უპირატესობას.

კონტექსტი: 6 სექტემბერს დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ამერიკული დელეგაციის ამოცანა, რომელიც კიევსა და მოსკოვს ეწვია, იყო "მხარეების დაახლოება."

  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სულ 6 სექტემბერს მოლაპარაკებების სამი რაუნდი გაიმართა და ყველა მათგანი იყო "ძალიან შინაარსიანი."

  • საუბრისას მათ განიხილეს ომის დასრულების შესაძლო პირობები და მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინის მხარდაჭერა.

  • კუშნერმა მაშინ განაცხადა, რომ ზამთრამდე უკრაინაში ომის დასრულება გარანტირებული არ არის, თუმცა ამერიკული მხარე მუშაობს ამ მიზნის მიღწევის პირობების შექმნაზე.


ასევე ნახე