რუსეთმა უკრაინაში, ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კამიშევახაში ჰუმანიტარული დახმარების გაცემის პუნქტი დაბომბა, რის შედეგადაც 24 ადამიანი დაიღუპა. ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხაილო სემიოკინმა განაცხადა, რომ კიდევ 20-ზე მეტი დაკარგულად ითვლება.
ვითარების არსი: მისი მონაცემებით, რუსებმა ზაპოროჟიეს სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე დაბის ცენტრი ცხრა მართვადი ავიაბომბით დაბომბეს. მან 3 ნოემბერი დაღუპულთა გლოვის დღედ გამოაცხადა.
- უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა, რომ დაღუპულებს შორის ორი მაშველი და ოთხი პოლიციელია.
- საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ანდრეი დანიკმა თქვა, რომ დარტყმების შედეგად განადგურდა სპორტული დარბაზი და სამეურნეო ნაგებობა, დაზიანდა სასწავლო დაწესებულების შენობა, განადგურდა სახანძრო-სამაშველო ავტომობილი.
სტრიქონებს შორის: უკრაინის პრემიერ-მინისტრმა სერჰი კორეცკიმ აღნიშნა, რომ რუსმა სამხედროებმა დილით დაბომბეს სკოლა, სადაც ჰუმანიტარულ დახმარებას არიგებდნენ.
- კორეცკიმ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ადამიანები თავშესაფარში დაიმალნენ, რუსებმა განმეორებითი დარტყმა განახორციელეს - კიდევ ცხრა ავიაბომბი ჩამოაგდეს თავშესაფრის მიმართულებით.
- მისი თქმით, თავდასხმის ადგილზე ადამიანების ძებნასა და გადარჩენას განმეორებითი დარტყმის საფრთხე ართულებს.
დიდი სურათი: უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კამიშევახაზე განხორციელებულ დარტყმებს უწოდა "კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ რუსეთს არც დეესკალაცია სურს და არც რეალური სამართლიანობა."
- მან აღნიშნა, რომ რუსმა სამხედროებმა დაბომბეს "სკოლა, რომელიც ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის გამოიყენებოდა" - ჰუმანიტარულ დახმარებას არიგებდნენ და რუსებს "ეს არ შეიძლება არ სცოდნოდათ."
- "ოლეშკიში განხორციელებული ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ იყო მომენტი, როდესაც შემდგომ ნაბიჯებს შეეძლო ეჩვენებინა, რომ მშვიდობის დაახლოება შესაძლებელია. ასეთი მკვლელობებით რუსეთი სრულიად საპირისპირო სიგნალს იძლევა - რუსეთი შემდგომ მკვლელობებზე აკეთებს აქცენტს. ამას სჭირდება პასუხი, პასუხი მსოფლიოსგან. ძლიერი და მკაცრი," - გაუსვა ხაზი ზელენსკიმ.