ბუდანოვი: რუსებმა ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის აფეთქების გეგმა დაამტკიცეს
უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი კირილო ბუდანოვი დარწმუნებულია, რომ ოკუპანტების მიერ ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქების გეგმა სრულად არის შემუშავებული, დამტკიცებული და საფრთხე არასოდეს ყოფილა ისეთი დიდი, როგორც ახლა.
ეს განცხადება ბუდანოვმა The New Statesman-თან ინტერვიუში გააკეთა.
"ვითარება არასდროს ყოფილა ისეთი სერიოზული, როგორც ახლა." - აღნიშნა მან.
კითხვაზე, მიიღეს თუ არა რუსებმა ელექტროსადგურის აფეთქების გადაწყვეტილება, ბუდანოვმა თქვა, რომ გეგმა სრულად არის "შემუშავებული და დამტკიცებული." ერთადერთი ელემენტი, რომელიც აკლია არის მოქმედების ბრძანება.
"მაშინ ეს შეიძლება მოხდეს რამდენიმე წუთში," - განაცხადა დაზვერვის ხელმძღვანელმა.
ამავდროულად, ბუდანოვი მიიჩნევს, რომ "კატასტროფის დასაჩქარებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენება შესაძლებელია."
დაზვერვის ხელმძღვანელის თქმით, ელექტროსადგურის გამაგრილებელი აუზი რუსეთის ჯარებმა დანაღმეს. გაციების გარეშე, ბირთვული რეაქტორები შეიძლება დადნეს ათი საათიდან 14 დღემდე ვადაში. მას მიაჩნია, რომ რუსეთი შეძლებს სადგურზე ელექტროგადამცემ ხაზებში ძაბვის გაზრდას, რაც ატომურ ავარიას გამოიწვევს.
უკრაინის დაზვერვამ დაადგინა, რომ რუსეთის ჯარმა ასაფეთქებელი ნივთიერებებით სავსე მანქანები ექვსი ელექტროსადგურიდან ოთხში გადაიტანა. უცნობია, ჰქონდა თუ არა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ამ ადგილებზე წვდომა 15 ივნისის ვიზიტის დროს.
მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის თქმით, რუსეთმა ატომური ელექტროსადგური შეიძლება დნეპრის მარცხენა სანაპიროზე რუსული საოკუპაციო ჯარების მოსალოდნელი დამარცხების გამო ააფეთქოს.
ამავდროულად, ბუდანოვმა აღნიშნა, რომ არსებობს ელექტროსადგურიდან რადიაციული გაჟონვის რისკი, რაც რუსებისთვის "პრევენციული ღონისძიება" იქნება უკრაინის შეტევის შესაჩერებლად და ფრონტის ხაზის გასაყინად.