ჩინეთის კომუნისტური პარტია 100 წლისაა - ისტორია ფოტოებში

ჩინეთის კომუნისტური პარტია რომელიც 1921 წელს დაარსდა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას 1949 წლიდან მართავს, დღეს პირველ ივლისს 100 წლის იუბილეს ზეიმობს. 

კომუნისტურ პარტიას სრულად აქვს მონოპოლიზიბული ქვეყნის როგორც პოლიტიკური, ასევე, სოციალური ცხოვრება. კომპარტია აკონტროლებს არმიას და პოლიციას. პარტია პერსონალური საკადრო გადაწყვეტილებით სრულად აკონტროლებს ჩინეთის პოლიტიკურ ინსტიტუტებს, მედიასა და მართლმსაჯულების სისტემას. 

90 მილიონი წევრით ჩინეთის კომუნისტური პარტია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი პოლიტიკური პარტიაა. 

კომუნისტური პარტიის ლიდერი, სი ძინპინი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს. 2018 წელს პარლამენტმა გააუქმა საპრეზიდენტო ვადებზე დაწესებული კონსტიტუციური ლიმიტი, რაც სი ძინპინს საშუალებას აძლევს პრეზიდენტის პოსტზე ულიმიტოდ იყაროს კენჭი. 

1919 წლის 4 მაისის დემონსტრაცია პეკინში

კომუნისტური პარტიის ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული 1919 წელს დაწყებულ 4 მაისის მოძრაობასთან. ამ დღეს ვერსალის ზავით უკმაყოფილო ჩინელმა სტუდენტებმა პეკინის ქუჩებში მასობრივი დემონსტრაციები დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი გამარჯვებულ მხარეს აღმოჩნდა ვერსალის ზავით გერმანიის ყოფილი კოლონიები აზიაში არა ჩინეთს, არამედ იაპონიას გადაეცა. 

ამ ამბავმა ჩინელების უკმაყოფილება გამოიწვია, განსაკუთრებით აქტიურები იყვნენ სტუდენტები, მათ შორის პეკინის პრესტიჟული უნივერსიტეტის მოსწავლეები. დემონსტრანტები მარშით გაემართნენ ტიანანმენის ჭიშკარისკენ, აქციის მონაწილეები წვავდნენ იაპონურ წიგნებს და პროდუქციას. იაპონიის მოქმედებების გარდა, ჩინელები აპროტესტებდნენ მათი მთავრობას უუნარობას აღეკვეთათ დასავლური იმპერიალიზმი. 

2 წლის შემდეგ, შანხაიში ჩინეთის კომუნისტური პარტია დაარსდა.    

 

ბრიტანელი სამხედროების ბლოგ-პოსტი, შანხაი 1927 წელი 

ამ წელს გომენდანმა [ჩინეთის ნაციონალისტური პარტია] კომუნისტური პარტიის დევნა დაიწყო. შანხაიში კომუნისტების შევიწროვების შემდეგ ქვეყანაში სამოქალაქო ომის ნიშნები გაჩნდა, რომელიც მომდევნო 20 წლის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობდა.

მაო ძედუნი ამერიკელ კორესპონდენტთან ერთად 1930-იანი წლები, იანანის პროვინცია

მაო ძედუნი წლების განმავლობაში იანანის პროვინციაში ცხოვრობდა, სწორედ აქ მდებარეობდა კომუნისტური პარტიის მთავარი ბაზა. მაოსთან ხშირად ჩადიოდნენ დასავლელი ჟურნალისტები, სურათზე მაოსთან ერთად ჩანან ამერიკელი ჟურნალისტი ერლ ლიფი, მაოს თანამოაზრე ჩუ ტე და მაო ძედუნის მეორე ცოლი ჰე ჟიჟენი.

კომპარტიის წითელი არმია სიჩუანის პროვინციაში, 1935 წელი 

1935 წლისთვის ნაციონალისტებმა ალყაში მოაქციეს კომუნისტური პარტია და მათი შეიარაღებული ძალებიც. ალყაში მყოფი კომუნისტები თავის გადასარჩენად იძულებულები გახდნენ მთებში გახიზნულიყვნენ. სწორედ ამ წელს დაიწყო წითელი არმიის ცნობილი მარში, რომელიც თითქმის 1 წლის განმავლობაში გაგრძელდა და საბოლოოდ იანანში 1936 წლის მიწურულს დასრულდა. 

წითელი არმიის ჯარისკაცები სროლაში ვარჯიშობენ, 1937 წელი, იანანის პროვინცია

ნაციონალისტების მთავრობასა და წითელ არმიას შორის სამოქალაქო ომი პერიოდულად განსხვავებული ინტენსივობით მიმდინარეობდა. 1937 წელს მხარეები დაზავდნენ - კომუნისტებმა მხარდაჭერა აღუთქვეს სამთავრობო ძალებს, რომლებიც იმ დროისთვის იაპონური ოკუპაციის ზონის გაფართოების შესაჩერებლად იბრძოდნენ. კომუნისტებისა და ნაციონალისტების ზავი 1945 წელს იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ შეწყდა, რასაც სამოქალაქო ომის ბოლო და გადამწყვეტი ფაზა მოყვა. 

მაო ძედუნი მიმართავს თავის მომხრეებს

სამხედრო შეცდომების და არმიის რიგებში ორგანიზებული დევნის მიუხედავად, წითელი არმიის ე.წ. დიდი მარშის დროს მაო ძედუნი კომუნისტების უპირობო ლიდერი გახდა. კომუნისტური პარტიის მთავარ ბაზად კი მომდევნო ათწლეულში სწორედ იანანის პროვინცია იყო.

კომუნისტების მოახლოებით შეშინებული მოსახლეობა ნანკინის პროვინციას ტოვებს, 1949 წელი 

1949 წლის თებერვალში კომუნისტები ნაციონალისტების ბოლო საყრდენს ნანკინის პროვინციას მიუახლოვდნენ. ნანკინი ბოლო წერტილი იყო, სადაც ჯერ კიდევ ნაციონალისტები იყვნენ გამაგრებულნი. სწორედ ნანკინი განიხილებოდა ქვეყნის დედაქალაქად ნაციონალისტების გამარჯვების შემთხვევაში. ქალაქი კომუნისტებმა 1949 წელს აიღეს. 

მაო ძედუნი და ჩჟოუ ენლაი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გამოცხადების ცერემონიაზე

ნაციონალისტების დამარცხების შემდეგ, 1949 წლის პირველ ოქტომბერს კომუნისტურმა პარტიამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გამოაცხადა. ცერემონიაზე მაო ძედუნმა თავი ქვეყნის ახალ მეთაურად, ხოლო ჩჟოუ ენლაი ახალი რესპუბლიკის ნომინალური პრემიერად გამოაცხადა. დამარცხებული ჩან კაიში ტაივანში გაიქცა. 

ჩჟოუ ენლაი და ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ინ სერი პეკინის სარკინიგზო სადგურზე 1953 წლის ნოემბერი

კორეის ნახევარკუნძულზე მიმდინარე ომში ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის მხარეს ჩაერთო. ჩინეთის სამხედრო ძალების ჩართვამს ომის სურათი მნიშვნელოვნად შეცვალა. საბოლოოდ ჩრდილოელმა კომუნისტებმა ნახევარკუნძულის ჩრდილოეთიდან სრულად განდევნა სამხრეთელების არმია. სხვადასხვა მონაცემებით კორეის ომში 180 000-მდე ჩინელი სამხედრო დაიღუპა. 

დალაი ლამას და მაო ძედუნის შეხვედრა 1954 წელი

ტიბეტის სულიერი ლიდერი, დალაი ლამა საწყის ეტაპზე მაო ძედუნთან ნორმალური ურთიერთოებების ჩამოყალიბებას შეეცადა, თუმცა საბოლოოდ 1959 წელს ტიბეტში ჩინური მმართველობის წინააღმდეგ წამოწყებული აჯანყება წარუმატებლად დასრულდა და დალაი ლამა თავის მიმდევრებთან ერთად ინდოეთში გაიქცა. 

წყალსაცავის მშენებლობა შანდონგის პროვინცია 1958 წელი

1950-იან წლებში მაო ძედუნი ქვეყნის სწრაფი ინდუსტრიალიზაციის ინიციატივით გამოვიდა. მისი გეგმის თანახმად ინდუსტრიული წარმოების მაჩვენებლებით ჩინეთს 15 წელიწადში უნდა გადაესწრო "კაპიტალისტური დასავლეთისთვის". ამ კამპანიის ფარგლებში, რომელიც მოგვიანებით დიდი ნახტომის სახელწოდებით გახდა ცნობილი აიკრძალა კერძო საკუთრება, ჩამოყალიბდა უზარმაზარი კოლექტივები. შედეგად ჩინეთში მარცვლეულის მოსავალი რეკორდულად შემცირდა, ქვეყანაში დაიწყო შიმშილი, რომელსაც სხვადასხვა მონაცემებით 45 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა. 

მაო ძედუნი და საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი, 1958 წლის აგვისტო, პეკინი 

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთიც და საბჭოთა კავშირიც კომუნისტურ იდეოლოგიას ეფუძნებოდა ქვეყნის ლიდერები განსხვავებულად უყურებდნენ კომუნიზმის მომავალს. მაო ძედუნი არ ეთანხმებოდა და ეწინააღმდეგებოდა ნიკიტა ხრუშჩოვის კონცეფციას დასავლეთთან მშვიდობიანი თანაარსებობის შესახებ. უთანხმოება ორ კომუნისტურ სახელმწიფოს შორის მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაღრმავდა - 1960-იან წლებში მაო ძედუნმა საბჭოთა კავშირი რევიზიონისტულ სახელმწიფოდ გამოაცხადა.

კულტურული რევოლუციის დასაწყისი 1966 წელი პეკინი 

1966 წელს ჩინეთში მაო ძედუნის ინიციატივით დაიწყო პროცესი, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა როგორც კულტურული რევოლუცია. მაოს მიერ წამოწყებული დიდი ნახტომის გამანადგურებელი შედეგების შემდეგ, მისი პოზიციები პარტიის შიგნით საგრძნობლად შესუსტდა. კულტურული რევოლუციის მთავარი მიზანიც, სწორედ ძალაუფლების შენარჩუნება იყო. ამ პროცესში მაო ძედუნმა ჩამოაყალიბა ახალგაზრდების ძალადობრივი ჯგუფები ე.წ. წითელი გუშაგები ან ხუნ ვეი ბინები, ისინი ანადგურებდნენ ძველ ლიტერატურას, არქიტექტურას და ყველაფერს, რაც კონტრრევოლუციურად მიაჩნდათ. რაც მთავარია ხუნ ვეი ბინები ფიზიკურად დევნიდნენ პოლიტიკოსებს და მოაზროვნეებს, რომლებიც მაო ძედუნის მოწინააღმდეგეები იყვნენ. 

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლების გაეროს გენერალურ სხდომაზე, 1971 წელი 

1971 წლის ზაფხულში გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ოფიციალურად აღიარა ჩინელი ხალხის უფლებამოსილ წარმომადგენლებად. ამავე წელს ჩინეთმა გაეროში ტაივანის ადგილიც დაიკავა.

ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის პრეზიდენტი, რიჩარდ ნიქსონი ხვდება მაო ძედუნს

1972 წლის 15 ივლისს ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ჩავიდა. ეს იყო აშშ-ის პრეზინდეტის პირველი ვიზიტი ჩინეთში. ნიქსონის ვიზიტმა დააგვირგვინა მრავლწლიანი მოლაპარაკებები, რომელსაც მისი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი აწარმოებდა. ამავე ვიზიტით დაიწყო აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება, რაც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით უკიდურესად მნიშვნელოვანი იყო.

1976 წლის 9 სექტემბერს მაო ძედუნი გარდაიცვალა

მაო ძედუნის გარდაცვლაების შემდეგ კომუნისტურ პარტიაში ძალაუფლებისთვის შიდა ბრძოლა დაიწყო, რომელიც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. საბოლოოდ ამ ბრძოლაში დენ სიაოპინის მეთაურობით ე.წ. ტექნოკრატების ფრაქციამ გაიმარჯვა. დენ სიაოპინი თავისი ხედვების განხორციელებას 1978 წელს დაიწყებს, ის მხარს უჭერდა კაპიტალისტური მოდელის დანარგვას, მოგვიანებით ეს მოდელი ცნობილი გახდა როგორც "სოციალიზმი ჩინური მახასიათებლებით".

დენ სიაოპინი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯიმი კარტერი თეთრ სახლში 1979 წელი

დენ სიაოპინმა გააგრძელა მაო ძედუნის დროს დაწყებული აშშ-სთან ურთიერთობის ნორმალიზაციის პროცესი. საბოლოოდ აშშ-მა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ოფიციალურად 1979 წლის იანვარში აღიარა.

მაო ძედუნის მესამე ცოლი თავის სასამართლო სხდომაზე.

ძიანგ ცინგი მაო ძედუნის სიკვდილის შემდეგ, კომუნისტური პარტიის კიდევ სამ ლიდერთან ერთად კულტურული რევოლუციის მოწყობის ბრალდებით დააპატიმრეს. ე.წ. ოთხთა ბანდას ბრალად ედებოდა სხვადსახვა მძიმე სახელმწიფოებრივი დანაშაული, მათ შორის კონსტიტუციური წესრიგის დამხობის მცდელობა. ოთხიდან სწორედ ძიანგ ცინგი იყო ერთადერთი, რომელმაც არ მოინანია დანაშაული და კვლავაც ამტკიცებდა, რომ მისი მოქმედებები მართებული და გამართლებული იყო. ოთხთა ბანდის ოთხივე წევრი საპატიმროში მოკვდა. 

1989 წლის 5 ივნისი, პეკინი

ეს სურათი გადაღებულია მას შემდეგ, რაც წინა ღამით ჩინეთის არმიამ უსასტიკესად დაარბია ტიანანმენის მოედანზე მიმდინარე დემოკრატიული შეკრება, რომელიც მოედანზე 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სურათზე გამოსახული ადამიანის ვინაობა და ბედი დღემდე უცნობია. ტიანანმენის მოედანზე განვითარებულ მოვლენებს სხვადასხვა მონაცემებით 1 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 

დენ სიაოპინი ოჯახის წევრებთან ერთად შენჯენის პროვინციაში 1992 წელი

1990-იან წლებში დენ სიაოპინი ხშირად მოგზაურობდა ჩინეთში, 1992 წელს დენ სიაოპინი ჩინეთის სამხრეთ ქალაქებს სტუმრობდა. ტურის განმავლობაში დენ სიაპონი თავის გამოსვლებში კვლავაც საუბრობდა ეკონომიკური რეფორმების მნიშვნელობაზე და მხარს უჭერდა ეკონომიკის გახსნას. 

ერთი შვილის პოლიტიკის მხარდასაჭერი მურალი 1996 წელი, პეკინი 

ერთი შვილის პოლიტიკა ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ 1976 წელს, მას შემდეგ წამოიწყო, რაც 1950-იან წლებში ჩინეთში შობადობის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა. მოსახლეობის რაოდენობის ზრდის პერსპექტივით შეშინებულმა მთავრობამ წყვილებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთ შვილის გაჩენის უფლება მისცა. ამ ზომის ამოქმედების შემდეგ ფერტილურობის მაჩვენებელი ჩინეთში 6.5-დან 1.5-მდე შემცირდა.

2015 წელს ჩინეთს მთავრობამ ერთი შვილის პოლიტიკა ორი შვილის პოლიტიკით ჩაანაცვლა. მიმდინარე წელს ჩინეთის მთავრობამ დაანონსა, რომ მომდევნო წლებში წყვილებს უფლება ექნებათ სამი შვილი იყოლიონ, თუმცა ჯერჯერობით კვლავაც უცნობია, თუ როდის ამოქმედდება ეს ზომა. 

ჰონგ-კონგის ჩინეთისთვის გადაცემის ცერემონია 1997 წელი

ჰონგ-კონგში 155-წლიანი ბრიტანული კოლონიალური მმართველობა მხარეთა საერთო შეთანხმებით 1997 წელს დასრულდა. შეთანხმების მიხედვით, ჰონგ-კონგი 50 წლით ინარჩუნებდა სპეციალური ავტონომიის სტატუსს და სახელმწიფო მოწყობის სისტემას, რომელიც კოლონიალურ პერიოდში შეიქმნა. 

მაკაოს პორტუგალიელი მმართველი მაკაოს ჩინეთისთვის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიაზე 1999 წელი

1999 წელს დასრულდა მაკაოს 442 წლიანი კოლონიალური მმართველობა და ის ჩინეთის მმართველობაში დაბრუნდა. მაკაო ჰონგ-კონგის მსგავსად სპეციალურ ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენს, რომელიც მატერიკული ჩინეთისგან განსხვავებული და დამოუკიდებელი სახელმწიფო სისტემა აქვს. 

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის პრეზიდენტი, მაიკ მური, კატარის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრი ქამალ ალ-ემადი და ჩინეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრი, ში გუანგშენგი ჩინეთის ორგანიზაციაში გაწევრიანების ცერემონიაზე

2001 წლის ნოემბერში ჩინეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გახდა, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი დინამიურ ეკონომიკურ ზრდას, რომელიც ქვეყანაში დენ სიაოპინის მიერ წამოწყებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად დაიწყო.

ჩინელი ასტრონავტი, კოსმოსური მისიის დასრულების შემდეგ დედამიწაზე ბრუნდება, 2003 წლის ოქტომბერი. 

იანგ ლივეი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პირველი წარმატებული კოსმოსური მისიის ასტრონავტი იყო, ის იყო პირველი ჩინელი კოსმოსში. 

ჰუ ძინტაო ავსტრალიის პარლამენტში 2003 წლის ოქტომბერი

ჰუ ძინტაომ კომუნისტური პარტიისა და ქვეყნის ხელმძღვანელის პოსტზე, ძიანგ წემინი შეცვალა. ჰუ ძინტაო თანამდებობას 2013 წლამდე იკავებდა. 

შანხაის ჩქაროსნული საავტომობილო მაგისტრალი

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩინეთის მთავრობამ ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად ქვეყნის ინფრასტრუქტურაში მილიარდობით დოლარის ინვესტიცია ჩადო. ჩინეთის მთავრობის საერთაოშორისო ეკონომიკურ ინიციატივებს განეკუთვნება "ერთი ქამრის და ერთი გზის" პროგრამაც, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გზების, პორტებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ითვალისწინებს, რომლებიც ჩინეთს დანარჩენ აზიასთან და მსოფლიოსთან დააკავშირებს. 


ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დროში აღმართვის ცერემონია, 2008 წლის ოლიმპიური თამაშები

2008 წლის აგვისტოში ჩინეთმა პირველად უმასპინძლა ოლიმპიურ თამაშებს. 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური სლოგანი "ერთი მსოფლიო, ერთი ოცნება" იყო. 

       უიღური ბავშვი და ჩინეთის პოლიცია, 2009 წელი ურუმჩი

2009 წლის 7 ივლისს ურუმჩიში ეთნიკურ ნიადაგზე სამოქალაქო მღელვარება დაიწყო, მოხდა შეტაკებები ეთნიკურ ჩინელებსა და მუსლიმ უიღურებს შორის. ჩინეთის სახელისუფლებო მედიის ინფორმაციით შეტაკებების შედეგად დაიღუპა 200 ადამიანი. ამ დროიდან მოყოლებული ჩინეთი უიღურების მიმართ დისკრიმანაციულ დევნას ახორციელებს. სხვადასხვა მონაცემებით 2 მილიონამდე უიღური და თიურქულ ენებზე მოსაუბრე უმცირესობების წარმომადგენლები დროებითი მოთავსების ბანაკებში იმყოფებიან. ჩინეთს ხშირად ადანაშალებენ უმცირესობათა უფლებების დარღვევაში და არადამიანურ მოპყრობაში. ჩინეთის მთავრობაში ამბობენ, რომ ბანაკები სეპარატიმზისა და ექსტრემიზმის პრევენციას ემსახურება.

მდინარე იანძიზე აშენებული დამბა და ჰიდროელექტროსადგური

ჩინეთის ცენტრალურ პროვინცია, ჰუბეიში მდინარე იანძიზე ჰიდროელექტროსადგურისა და დამბის მშენებლობა ჯერ კიდევ 1994 წელს დაიწყო. პროექტზე ჩინეთის მთავრობამ მილიარდობით დახარჯა, ეს არის ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული პროექტი ისტორიაში, რომელიც ჩინეთის ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად აშენდა.

სი ძინპინი კომუნისტური პარტიის ყრილობაზე 2012 წლის დეკემბერი

ჩინეთის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარის პოსტზე სი ძინპინმა ჰუ ძინ ტაო 2012 წლის დეკემბერში შეცვალა. 2013 წლის მარტში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კონგრესმა სი ძინპინი პრეზიდენტად აირჩია. 

ჩინეთის კომპარტიის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, ბო ქსილაი თავის სასამართლოზე

სი ძინპინი ხელისუფლებაში კორუფციასთან ბრძოლისა და ჩინეთის საზოგადოების გაჯანსაღების იდეით მოვიდა. მალევე დაიწყო ანტი-კორუფციული კამპანია, რომლის ფარგლებში დააპატიმრეს სხვადასხვა უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის იყო ბო ქსილაიც, რომელიც კომუნისტურ პარტიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წევრად და სი ძინპინის შესაძლო კონკურენტად მოიაზრებოდა. ამ დროისთვის ბო ქსილაი სამუდამო პატიმრობას იხდის. 

ეჯინ-ჰამის რკინიგზის მშენებლობა, ჯიუქუანის პროვინცია 2015 წელი

ბოლო ათწლეულიის განმავლობაში ჩინეთმა მსოფლიოში უდიდესი ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელი შექმნა, რომლის ჯამური სიგრძეც 37 000 კილომეტრს აღემატება. ამ ქსელის ერთ-ერთი ხაზი ერთმანეთთან აკავშირებს ჩინეთის უმსხვილესი ქალაქების ჯგუფს. ამ სარკინიგზო ქსელის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო. 

იანგ-დეჟის სკოლა 2016 წელი ვენშუის პროვინცია

იანგ-დეჟის სკოლა, რომელსაც სხვაგვარად წითელი არმიის სკოლასაც უწოდებენ 2016 წლეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წითელი არმიის ყოფილი მაღალჩინოსნების, მეთუარებისა და მათი ოჯახების დაფინანსებით გაიხსნა.

სი ძინპინი სიტყვით გამოდის კომუნისტური პარტიის ყრილობის ბოლო სესიაზე, 2018 წლის მარტი

2018 წელს ქვეყნის პარლამენტმა გააუქმა დენ სიაოპინის მიერ საპრეზიდენტო ვადებზე დაწესებული კონსტიტუციური ლიმიტი, რაც სი ძინპინს საშუალებას აძლევს პრეზიდენტის პოსტზე ულიმიტოდ იყაროს კენჭი. 

დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა დიდი ოცეულის ფორმატში, ბუენოს-აირესი 2018 წლის დეკემბერი 

დონალდ ტრამპმა ჩინეთთან არსებულ ეკონომიკური ურთიერთობებით უკმაყოფილება ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში გამოთქვა. გაპრეზიდენტების შემდეგ, ტრამპმა წამოიწყო ე.წ. სატარიფო ომი, რაც სხვადასხვა ჩინურ პროდუქციაზე მაღალი საბაჟო გადასახადის დაწესებას გულისხმობდა. ამ გზით დონალდ ტრამპი ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შეფერხებას ცდილობდა და ფიქრობდა, რომ ეს ჩინეთს აიძულებდა შეეწყვიტა მავნე ეკონომიკური მოქმედებები - ისეთები როგორიცაა კომერციული შპიონაჟი, სავალუტო მანიპულაციები და ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვა.

ჰონგ-კონგელები აპროტესტებენ ე.წ. ექსტრადიციის კანონს 2019 წლის ივნისი

ბევრი ჰონგ-კონგელის აზრით ახალი კანონი საშუალებას აძლევდა ჩინეთის ცენტრალურ ხელისუფლებას მოეხდინა ჰონგ-კონგში მომხდარ სხვადასხვა დანაშაულში მხილებული ადამიანების ექსტრადიცია მატეირიკულ ჩინეთში. მოგვიანებით ჰონგ-კონგის მმართველმა ექსტრადიციის კანონი გაიწვია, თუმცა ამ კანონის გაუქმება დემონსტრანტების ხუთი ძირითადი მოთხოვნიდან მხოლოდ ერთ-ერთი იყო. სხვა ყველაფერთან ერთად, ჰონგ-კონგელები უფრო მეტ დემოკრატიას და პოლიციის მოქმედებების სამართლიან გამოძიებას ითხოვდნენ. 

ჩინელი კაცი სამედიცინო ნიღბით პეკინის ცენტრალურ უბანში 2020 წლის თებერვალი.

კოვიდ-19-ის პირველი შემთხვევები ჰუბეის პროვინციის დედაქალაქ ვუჰანში გამოვლინდა. საწყის ეტაპზე ახალი ვირუსის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის ხელისუფლება ასაიდუმლოებდა და დევნიდა ექიმებს და აქტივისტებს, რომლებიც ვისურზე ინფორმაციას ავრცელებდნენ. ამ სურათის გადაღებიდან ერთი თვის შემდეგ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემია გამოაცხადა. 

ვიზიტორები ჩინეთის კომუნისტური პარტიის პირველ კონგრესში არსებულ მუზეუმში მიემართებიან

მსგავსი სიახლეები