ჩეხეთის პრემიერი: პრაღაში ავტობუსების დაწვის მცდელობის უკან რუსეთი დგას

პრაღაში ავტობუსების დაწვის მცდელობაში ეჭვმიტანილის დაკავების შემდეგ, ჩეხეთის ხელისუფლებამ ამ დანაშაულში მონაწილეობაში მოსკოვი დაადანაშაულა.

"არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ ძალიან სავარაუდოა, რომ რუსეთი იყოს ამ საქმეში ჩართული," - განაცხადა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ ჩეხეთის ტელევიზიის ეთერში 10 ივნისს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ.

მისი თქმით, 6 ივნისს, პრაღის საზოგადოებრივი ტრანსპორტის კომპანიის ავტობუსების დაწვის მცდელობა თანამშრომლების სწრაფი ქმედებების გამო, წარუმატებელი აღმოჩნდა.

"ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ეს იყო ორგანიზებული და დაფინანსებული საზღვარგარეთიდან," - თქვა ფიალამ. მან მადლობა გადაუხადა უსაფრთხოების სამსახურებს და პოლიციას "განსაკუთრებით კარგი და პროფესიონალური მუშაობისთვის."

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გამოძიება გრძელდება.

ამავდროულად, პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი შაბათს დააკავეს. საუბარია უცხო ქვეყნის 26 წლის მოქალაქეზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩავიდა ჩეხეთში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. როგორც სააგენტო dpa არაოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით აღნიშნავს, დაკავებული სამხრეთ ამერიკიდანაა.

მსგავსი სიახლეები