ჩეხეთმა შენგენის ვიზების მქონე რუსებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
25 ოქტომბრიდან ჩეხეთი შენგენის ვიზის მქონე რუსებს ტურისტული, სპორტული ან კულტურული მიზნებისთვის შესვლას აუკრძალავს. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ევროკავშირის წევრმა რომელ ქვეყანამ გასცა ვიზა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ ოთხშაბათს, 12 ოქტომბერს განაცხადა.
მისი თქმით, მაშინ, როცა "რუსეთი ურცხვად ბომბავს უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებს", შენგენის ვიზით საერთაშორისო აეროპორტში ყოველდღიურად რუსეთის 200-მდე მოქალაქე ჩადის ჩეხეთში.
ჩეხეთი უერთდება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, პოლონეთს და ფინეთს, რომლებმაც უკვე ჩაკეტეს საზღვრები რუსი ტურისტებისთვის უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული რუსული აგრესიის გამო.