ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
ჩინეთმა კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან შემთხვევების რეკორდული რაოდენობა დააფიქსირა, მიუხედავად ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად მიღებული მკაცრი ზომებისა.
ჩინეთის რამდენიმე მსხვილ ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ პეკინში და სამხრეთში მდებარე სავაჭრო ცენტრ გუანჯოუში ეპიდემიის აფეთქებაა.
ოთხშაბათს ქვეყანაში 31 527 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. რიცხვები ჯერ კიდევ მცირეა 1.4 მილიარდი მოსახლის მქონე ქვეყნისთვის, სადაც ოფიციალურად, პანდემიის დაწყებიდან 5200-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ნულოვანი Covid-ის პოლიტიკამ აშკარად შეზღუდა ვირუსის გავრცელება, ამან ასევე მძიმე დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას და გაართულა ადამიანების ცხოვრება. რამდენიმე კვირის წინ ქვეყანამ შეზღუდვების ნაწილი შეამსუბუქა.
ხელისუფლებამ შეამცირა კარანტინის ვადა მჭიდრო კონტაქტებისთვის შვიდი დღიდან ხუთ დღემდე და შეწყვიტა მეორადი კონტაქტების აღწერა, რამაც საშუალება მისცა ბევრ ადამიანს თავიდან აიცილოს კარანტინი.
ოფიციალური პირები ასევე ცდილობდნენ თავიდან აიცილონ ისეთი მკაცრი ჩაკეტვა, როგორიც იყო ყველაზე დიდი ქალაქ შანხაიში ამ წლის დასაწყისში.
მაგრამ პეკინში შემთხვევების სწრაფი ზრდის ფონზე, ისევე როგორც ვირუსისგან პირველი ლეტალური შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ, ოფიციალურმა პირებმა უკვე დააწესეს გარკვეული შეზღუდვები რამდენიმე რაიონში, დახურულია მაღაზიები, სკოლები და რესტორნები.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ცენტრალური ჩინეთის ქალაქ ჟენჯოუში ასევე იგეგმება ლოქდაუნის დაწესება 6 მილიონი მოსახლისთვის.