ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა
ჩრდილოეთ კორეამ პარასკევს განაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა ახალი მყარი საწვავის კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა. ამის შესახებ The Associated Press წერს.
ქვეყნის ცენტრალურმა პროპაგანდისტულმა სააგენტომ განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც მეზობელმა ქვეყნებმა ფხენიანის მახლობლად გასროლილი შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტა დააფიქსირეს.
2022 წლის დასაწყისიდან ჩრდილოეთ კორეამ 100-ზე მეტი რაკეტა გაისროლა.
ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედია წერს, რომ რაკეტის გაშვებას ადგილზე ესწრებოდა ქვეყნის ლიდერი კიმ ჩენ ინი.
კიმმა პირობა დადო, რომ კიდევ უფრო გააფართოვებს თავის ბირთვულ არსენალს, რათა "მუდმივი შფოთვა და შიში გამოიწვიოს კონკურენტებში და სინანული აგრძნობინოს მათი არასწორი არჩევანის გამო."
ჩრდილოეთ კორეა რაკეტების დემონსტრაციას შეერთებული შტატებისა და სამხრეთ კორეის სამხედრო წვრთნების პასუხად აცხადებს.