"დაიძინეთ" - ვლადიმირ პუტინის მიმართვა ხვალისთვის გადაიდო - რუსული მედია
რუსულ მედიასა და ტელეგრამ არხებში აქტიურად იწერება, რომ ვლადიმირ პუტინისა და სერგეი შოიგუს სატელევიზიო მიმართვა ხვალისთვის გადაიდო.
"დაიძინეთ",- წერს პროპაგანდისტული RT-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, რითიც მაღალი ალბათობით სწორედ ვლადიმირ პუტინის მიმართვის გადატანას ეხმაურება.
სიმონიანის განცხადებამდე მისი არხზე მოიხსნა ვლადიმირ პუტინის სატელივიზიო მიმართვის ანონსი.
"ხვალ"-ს წერს კიდევ რუსი პროპაგანდისტი, ვლადიმირ სალავიოვი.
იმის შესახებ რომ პუტინის მიმართვა ხვალ შედგება ავრცელებს ინფორმაციას კრემლთან დაახლოებული პოლიტილოგი სერგეი მარკოვიც.
მიმართვის გადატანის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს რუსი ჟურნალისტი, ქსენია სობჩაკიც.
თავის მხრივ პუტინის მიმართვის შესახებ ცნობები დღის მეორე ნახევარში რუსულ მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა. მოგვიანებით შესაბიმისი ანონსი გამოჩნდა რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც.
მიმართვის გადატანის შესახებ კრემლს ოფიციალური განცხადება ამ დრომდე არ გაუვრცელებია.
კონტექსტი
კონტექსტი
უკრაინის შეიარაღებული ძალები მიერ სექტემბრის დასაწყისში წამოწყებული წარმატებული კონტრიერიშის შემდეგ, რუსეთის მმართველი პარტიის ლიდერები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეფერენდუმის თარიღის გადატანის შესაძლებლობაზე საუბრობდნენ.
უკრაინის არმიის მხრიდან გაძლიერებული წნეხისა და ფრონტზე გაუარესებული მდგომარეობის ფონზე რუსი პროპაგანდისტები და ურაპატრიოტები ვლადიმირ პუტინს სამხედრო მობილიზაციის გამოცხადებიკენ მოუწოდებდნენ.
დღეს, 20 სექტემბერს ე.წ. დონბასის სახალხო რესპუბლიკების ლიდერებმა რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმების დაჩქარების აუცილებლობის შესახებ განაცხადეს.
მალევე ლუჰანსკელი და დონეცკელი სეპარატისტების ლიდერებმა გამოაცხადეს, რომ ე.წ. რეფერენდუმები 23-27 სეტქემბრის პერიოდში ჩატარდება.
მალევე დონბასის ე.წ. რესპუბლიკებს შეურთდნენ რუსი კოლაბორანტები ოკუპირებულ ზაპორიიჟისა და ხერსონის ოლქებში. რეფერენდუმი აქაც იმავე თარიღებში ჩაინიშნა.
მალევე დონეცკელი სეპარატისტების ლიდერმა დენის პუშილინმა განაცხადა, რომ უკვე მიმართა ვლადიმირ პუტინს რეფერენდუმზე დადებითი შედეგის შემთხვევაში მაქსიმალურად სწრაფად განიხილოს რუსეთთან მიერთების მიმართვა.
დღის განმავლობაში რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო შესწორებები სისხლის სამართლის კოდექსში, რომელიც სამხედრო მობილიზაციისა და საომარი მდგომარეობის ცნებას ამკვიდრებს.
უკვე საღამოს ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ-სთვის ცნობილია, რომ ვლადიმირ პუტინმა შესაძლოა სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადოს.