13:32 | 10 სექტემბერი, 2026 — რუსეთი
ნატომ არქტიკაში რუსეთის საიდუმლო წყალქვეშა ოპერაცია აღკვეთა - Reuters
ნატოს წევრმა ქვეყნებმა აღკვეთეს რუსული წყალქვეშა ნავების საწვრთნელი მისია, რომლის მიზანიც კრიტიკული წყალქვეშა საკომუნიკაციო კაბელების უკვალოდ დაზიანების ახალი, საიდუმლო ტექნოლოგიის გამოცდა იყო.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
ვითარების არსი: არქტიკის წყლებში, სვალბარდის არქიპელაგთან ახლოს, რუსეთის ღრმაწყლოვანი კვლევების მთავარმა სამმართველომ (GUGI) აპარატების გამოყენებით ოპერაცია წამოიწყო.
- აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ნორვეგიის ერთობლივმა საზღვაო ძალებმა რუსული ხომალდები პირდაპირ ზღვაში გამოავლინეს, დაუპირისპირდნენ და წვრთნის დასრულების შესაძლებლობა არ მისცეს, რის შემდეგაც რუსულმა გემებმა ტერიტორია დატოვეს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ზღვის ფსკერზე გამავალი ეს კაბელები უზრუნველყოფს მსოფლიო ფიცრული მონაცემების ნაკადს და ფინანსური ტრანზაქციების უდიდეს ნაწილს.
- ამ ტერიტორიაზე გამავალ დამაკავშირებელ კაბელებზე გადის დედამიწაზე უმსხვილესი სატელიტური სადგურის უზარმაზარი მონაცემთა ნაკადი, რომელსაც მათ შორის NASA-ც იყენებს.
დასავლური დაზვერვა შიშობს, რომ ევროპასთან შესაძლო კონფლიქტის ესკალაციის შემთხვევაში კრემლი ალიანსის კოლექტიური თავდაცვის შეთანხმების [ნატოს მეხუთე მუხლი] გამოცდას სწორედ წყალქვეშა ინფრასტრუქტურის განადგურებით შეეცდება, თანაც ისე, რომ პირდაპირი კვალი არ დატოვოს.
დეტალები: ინციდენტის პარალელურად, ბრიტანელმა და ნორვეგიელმა დიპლომატებმა მოსკოვს პირდაპირ წარუდგინეს მტკიცებულებები და აჩვენეს, რომ დასავლეთი ინფორმირებულია ამ ახალი იარაღის შესახებ, რათა კრემლს მისი პრაქტიკაში გამოყენება გადაეფიქრებინა.
უშუალოდ კაბელები ფიზიკურად არ დაზიანებულა. რუსეთის მიზანი ნატოსთან პოტენციური ომის სცენარისთვის აღნიშნული ტექნოლოგიის სიმულაცია იყო.
კონტექსტი: ინციდენტი ემთხვევა ევროპის მასშტაბით რუსული ჰიბრიდული თავდასხმებისა და დივერსიების გააქტიურებას (მათ შორის თავდაცვით ქარხნებსა და ენერგოობიექტებზე გერმანიასა და პოლონეთში).
2022 წელს „ჩრდილოეთის ნაკადის“ მილსადენების აფეთქების შემდეგ, ევროპულმა სახელმწიფოებმა წყალქვეშა პატრულირება საგრძნობლად გააძლიერეს, ვინაიდან ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვებში რუსული გემების მხრიდან სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ფარული კარტოგრაფირება მკვეთრად გაიზარდა.