ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა ხელში ჩაიგდეს წითელი ზღვის საპორტო ქალაქი მოხა, რაც დაჯგუფებას სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე კონტროლის დამყარებასთან აახლოებს.
ვითარების არსი: Reuters-ის ცნობით, საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებთან ბრძოლების ინტენსივობის მატება იემენის ომში ახალი ფრონტის საფრთხეს ქმნის.
- სამმა ინფორმირებულმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ ჰუსიტებმა დაიკავეს სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ისტორიული პორტი.
- სამხედრო წყაროების ცნობით, ჰუსიტები ასევე უახლოვდებიან დუბაბს - კიდევ ერთ სანაპირო დასახლებას უშუალოდ ბაბ-ელ-მანდების სრუტის გასწვრივ, რადგან ისინი იემენის წითელი ზღვის სანაპირო ზოლზე სრული კონტროლის დამყარებას ცდილობენ.
სტრიქონებს შორის: ეს წინსვლა ჰუსიტებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საზღვაო-სავაჭრო მარშრუტზე გავლენას გაუზრდის.
- ბაბ-ელ-მანდების სრუტე, რომელიც იემენს ჯიბუტისა და ერითრეისგან ყოფს, წითელ ზღვას ადენის ყურესთან აკავშირებს და საკვანძო დერეფანია ნავთობის, საწვავისა და სხვა საქონლისთვის, რომლებიც აზიასა და ევროპას შორის სუეცის არხის გავლით გადაადგილდება.
- საომარმა მოქმედებებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მას შემდეგ შეიძინა, რაც აშშ-ის, ისრაელისა და ირანის მონაწილეობით მიმდინარე ექვსთვიანმა კონფლიქტმა კიდევ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ენერგომარშრუტი - ჰორმუზის სრუტე შეაფერხა.
- გემების მონიტორინგის პლატფორმების წინასწარი მონაცემებით, ოთხშაბათს ბაბ-ელ-მანდების სრუტეში 28 სატვირთო გემმა გაიარა, რაც შეესაბამება ბოლო პერიოდის საშუალო მაჩვენებელს.
დიდი სურათი: ჰუსიტების წინსვლას წინ უძღოდა ბოლო დღეებში იემენსა და საუდის არაბეთის საზღვარზე საბრძოლო მოქმედებების მკვეთრი ესკალაცია.
- ეს სრულმასშტაბიანი ომის განახლების შიშს აჩენს, მას შემდეგ, რაც გაეროს შუამავლობით 2022 წელს გაფორმებულმა ზავმა დიდწილად შეაჩერა მრავალწლიანი ბრძოლები ჰუსიტებსა და იემენის საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობის ძალებს შორის.
- ჰუსიტებმა საუდის არაბეთზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავდასხმა მას შემდეგ განახორციელეს, რაც თებერვალში აშშ-ის, ისრაელისა და ირანის ომი დაიწყო.
- მათი სამიზნე იყო ხამის-მუშაიტის ავიაბაზა და მეზობელ ქალაქებში მდებარე ნავთობის ინფრასტრუქტურა. საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედმა კოალიციამ განაცხადა, რომ საუდის არაბეთის ოთხ ქალაქზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად სულ მცირე 73 ადამიანი დაშავდა.
კონტექსტი: ჰუსიტები აკონტროლებენ იემენის დედაქალაქ სანასა და ქვეყნის მჭიდროდ დასახლებული ჩრდილოეთის უდიდეს ნაწილს.
- მოხას დაკავება და ბაბ-ელ-მანდების გარშემო პოზიციების შემდგომი გაფართოება მნიშვნელოვნად გაზრდის მათ გავლენას წითელ ზღვაზე იმ დროს, როდესაც რეგიონის ორივე მთავარ სრუტეში შეფერხებები იწვევს შიშს გლობალური ენერგომომარაგების შესახებ.
- Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ოთხშაბათს ბარელზე 100 დოლარს გადასცდა, რადგან აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო მოქმედებები განახლდა.