11:54 | 10 სექტემბერი, 2026 — აშშ
უკრაინას ამოეწურა F-16-ის რაკეტების მარაგები, რომლითაც რეაქტიულ დრონებს აგდებს
უკრაინაში თითქმის ამოიწურა F-16 გამანადგურებლებისთვის განკუთვნილი ამერიკული წარმოების AIM-120 და AIM-9 რაკეტების მარაგები, რომლითაც უკრაინა რუსულ ფრთოსან რაკეტებსა და ახალ რეაქტიულ დრონებს აგდებდა.
ვითარების არსი: The Economist-ის მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვას არ ჰყოფნის რაკეტები ახალი რუსული უპილოტო საფრენი აპარატების, "გერან-4-ისა" და "გერან-5-ის" ჩამოსაგდებად, რომლებიც 600 კმ/სთ-მდე სიჩქარით დაფრინავენ, ხოლო მათი წარმოების ტემპი რუსეთში თვეში დაახლოებით 3 ათასია.
- დრონების წარმოებისთვის ტურბორეაქტიული ძრავები ძირითადად ჩინეთიდან შედის, თუმცა აგრეგატების ნაწილი უშუალოდ რუსეთში მზადდება, კონტრაბანდული დასავლური 3D პრინტერებით.
- შედარებით დიდგაბარიტიან დრონ "ბანდეროლთან" ერთად, ეს უპილოტო აპარატები სულ უფრო მეტად ემსგავსება იაფფასიან ფრთოსან რაკეტებს, რომელთა გასანეიტრალებლადაც უკრაინულ F-16-ებს AIM-120 და AIM-9 რაკეტების კრიტიკული დეფიციტი აქვთ.
სტრიქონებს შორის: უკრაინა რუსული დრონების ჩამოსაგდებად ადგილობრივი წარმოების დრონებს იყენებს, თუმცა ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდების თვალსაზრისით ვითარება მძიმეა.
- ამჟამად Patriot-ის სისტემებისთვის განკუთვნილი PAC-3 რაკეტების მარაგები უკრაინაში თითქმის ამოწურულია.
- აშშ-დან ახალი რაკეტების მიწოდება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ირანთან ომის გამო ამერიკული მარაგები დაცარიელებულია.
- ამავდროულად, რუსეთმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება თვეში დაახლოებით 100-მდე გაზარდა: 60 ერთეული "ისკანდერ-მ" და 40 ერთეული RM-48U-ს ტიპის რაკეტა.
ჩაშლილად: არსებობს გარკვეული მოლოდინი, რომ 2026 წლის ბოლომდე უკრაინა Aster-ის რაკეტებთან ერთად, რამდენიმე ძველ ფრანგულ-იტალიური საჰაერო თავდაცვის ბატარეა SAMP/T-ს მიიღებს. მომავალ წელს კი უკრაინამ SAMP/T NG ვერსიის 8 უახლესი კომპლექსი უნდა მიიღოს.
- "PAC-3-ისგან განსხვავებით, რომელიც კინეტიკურად პირდაპირ ეჯახება, Aster-ის რაკეტა აღჭურვილია საბრძოლო ნაწილით, რომელიც მტრის რაკეტის სიახლოვეს ფეთქდება. თუმცა, ფრანგული არმიის წყაროები ამტკიცებენ, რომ გარკვეული პარამეტრებით ის Patriot-ის რაკეტაზე უკეთესია. მისი ღირებულებაც 7 მილიონ დოლარზე - PAC-3-ის ბოლო საექსპორტო ვერსიის ფასზე - ორჯერ ნაკლებია." - წერს გამოცემა.
- ლიცენზიის საფუძველზე გერმანიაში გეგმავენ წელიწადში 200-მდე PAC-2 რაკეტის გამოშვებას, რომელთა ნაწილიც, ნატოს ქვეყნების თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა უკრაინას გადაეცეს.
დიდი სურათი: სიტუაციის ფუნდამენტურად შეცვლისთვის მიმდიანრეობს ევროპულ-უკრაინული ერთობლივი პროექტი Freyja.
- მისი მიზანია უკრაინასა და მის ევროპელ მოკავშირეებს მიაწოდოს PAC-3 რაკეტების მნიშვნელოვნად იაფი და მასობრივი ალტერნატივა, რომელიც ნატოს სტანდარტების რადარებსა და მონაცემთა გადაცემის სისტემებთან იმუშავებს.