დანია ევროკავშირის საერთო თავდაცვით პოლიტიკას უერთდება
დანიამ მხარი დაუჭირა შეუერთდეს ევროკავშირის საერთო თავდაცვის პოლიტიკას. ქვეყნის ხელისუფლებამ ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უკრაინაში რუსეთი შეიჭრა.
ოთხშაბათს, ამომრჩეველთა 66.9%-მა მხარი დაუჭირა მთავრობის ინიციატივას, წინააღმდეგი კი 33.1% იყო.
"დღეს დანიამ ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი გაუგზავნა ჩვენს მოკავშირეებს ევროპაში და ნატოში და პუტინს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა. "ჩვენ ვაჩვენებთ, რომ როდესაც პუტინი თავისუფალ ქვეყანაში შეიჭრება და ევროპაში სტაბილურობას ემუქრება, ჩვენ სხვებთან ერთად ვიქნებით."
დანია ევროკავშირის წევრი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვითი პოლიტიკის მონაწილე არ იყო.
ერთიან პოლიტიკასთან შეერთების შემდეგ დანია შეძლებს მონაწილეობა მიიღოს ევროკავშირის სამშვიდობო ოპერაციებში სომალიში, მალისა და ბოსნიაში.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი შედეგს მიესალმნენ.
დანიის გადაწყვეტილება იყო "ჩვენი საერთო უსაფრთხოებისადმი ერთგულების ძლიერი გზავნილი", - დაწერა ფონ დერ ლაიენმა ტვიტერზე.
"ეს გადაწყვეტილება სარგებელს მოუტანს ევროპას და გახდის ევროკავშირს და დანიელ ხალხს უფრო უსაფრთხოს და ძლიერს", - წერს შარლ მიშელი.
უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის დაწყების შემდეგ ორმა სკანდინავიურმა ქვეყანამ - ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გააწევრიანება გადაწყვიტეს.