დანილოვი: მესამე მსოფლიო ომი 2008 წელს დაიწყო, როცა რუსეთი საქართველოში შეიჭრა
ისრაელში მიმდინარე კონფლიქტი რუსეთის აგრესიული ომის შედეგია უკრაინის წინააღმდეგ და უახლოეს მომავალში მსოფლიო შესაძლოა კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს. ეს მოსაზრება 20 ოქტომბერს, უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა გამოთქვა.
"მესამე მსოფლიო ომი დაიწყო 2008 წელს, როდესაც რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს და წაართვა ტერიტორიის ნაწილი, შემდეგ იყო 2014 წლის თებერვალი. უბრალოდ, [მესამე მსოფლიო ომი] იყო ცივ მდგომარეობაში. ახლა ის აქტიურ, ცხელ ფაზაში გადავიდა," - განაცხადა დანილოვმა.
მესამე მსოფლიო ომის ცხელი ეტაპი, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თქმით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიან შეჭრასთან ერთად დაიწყო.
"და ის, რაც ახლა ისრაელის და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე ხდება, უკვე შედეგია. უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ბოლო ომი, რომელსაც ჩვენ უახლოეს მომავალში ვნახავთ. დღეს ჩვენ შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ მესამე მსოფლიო ომის მოლოდინი თითქმის დასრულებულია," - თვლის ის.
მან ასევე საქართველოსა და მოლდოვის მიერ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზეც ისაუბრა.
"თუ საქართველო და მოლდოვა დაიწყებენ ტერიტორიების გათავისუფლებას რუსი ოკუპანტებისაგან, ჩვენ ამ საკითხს ბევრად უფრო სწრაფად მოვაგვარებდით," - აღნიშნა დანილოვმა. "მაგრამ ეს არის მათი მთავრობების გადაწყვეტილება (არ დაიწყონ სამხედრო მოქმედება - რედ.), ეს არის ამ ქვეყნების გადაწყვეტილება. მათ მიაჩნიათ, რომ ჩვენი დახმარებით, ანუ როდესაც ჩვენ დავამარცხებთ რუსებს, ისინი ძალიან სწრაფად გაათავისუფლებენ თავიანთ ტერიტორიებს."