დანილოვმა ხერსონის მაცხოვრებლებისთვის ორი მთავარი საფრთხე დაასახელა

ნაღმები და დამპყრობლების აუფეთქებელი ჭურვები, ასევე ქალაქის შესაძლო დაბომბვა, დნეპრის მარცხენა სანაპიროდან - ეს არის ის მთავარი საფრთხეები, რომლის წინაშეც ხერსონის მოსახლეობა იმყოფება.

განცხადება, ამის შესახებ, 14 ნოემბერს, ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა, ეროვნული ტელემარათონის ეთერში გააკეთა.

დანილოვმა აღნიშნა, რომ დეოკუპაციის თემა, უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის ბოლო რვა სხდომაზე მთავარი საკითხი იყო.

"რაც შეეხება ხერსონს, არსებობს ორი საფრთხე. პირველი არის უშუალოდ ტერიტორიაზე, ოკუპანტი ტერორისტების მიერ დატოვებული ნივთები. საუბარია ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობაზე, რომელიც ძალიან, ძალიან ბევრია. სამწუხაროდ, უკვე გვაქვს ფატალური შემთხვევები, სწორედ ამ ტერიტორიაზე..." - განაცხადა დანილოვმა.

მისი თქმით, განთავისუფლებული რეგიონული ცენტრის მეორე საფრთხე შესაძლო დაბომბვაა.

"რაც შეეხება რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც დნეპრის მარცხენა სანაპიროზე არიან განლაგებულნი: თუ ისინი დაიწყებენ ხერსონის დაბომბვას, ჩვენ შეგვიძლია პასუხის გაცემა. მაგრამ მათი ქცევიდან გამომდინარე, ჩვენ ამჟამად ვერ ვუზრუნველყოფთ ხერსონის ტერიტორიაზე 100%-იან კონტროლს, ამიტომ ხაზს ვუსვამთ: ნუ იჩქარებთ დაბრუნებას", - აღნიშნა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა.

მანვე თქვა, რომ როგორც კი ქალაქი უსაფრთხო იქნება, ამის შესახებ მოსახლეობას დაუყოვნებლივ ეცნობება.

მსგავსი სიახლეები