დონბასში წარუმატებელი შეტევისას 300 ოკუპანტი მოკლეს - რუსული მედია

გასული დღე-ღამის განმავლობაში პროპაგანდისტულ რუსულ ტელეგრამ არხებზე გავრცელდა ცნობები რთულ მდგომარეობაზე, რომელშიც ქალაქ უგლედართან მოიერეიშე რაზმები აღმოჩნდნენ. 

გავრცელებულებული ცნობებით, წარუმატებელი შეტევისას მოკლულია 300 რუსი საზღვაო ქვეითი რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტიდან. 

ერთ-ერთი პირველი ვინც მომხდარის შესახებ იუწყებოდა ВГТРК-ს სამხედრო კორესპონდენტი, ალექსანდრ სლადკოვი გახდა. პროპაგანდისტი თავის ტელეგრამ არხზე წერდა, რომ უგლედართან განთავსებულმა სამხედროებმა წერილით მიმართეს თავისი მხარის გუბერნატორს, ოლეგ კოჟემიაკოს, რომელშიც თხოვდნენ, რომ ადგილზე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კომისია ჩასულიყო. 

რუსი სამხედროები გუბერნატორისგან ცუდად დაგეგმილი მოუმზადებელი შეტევის შეჩერებას ითხოვდნენ. 

მალევე წერილის სრული ტექსტი გაავრცელა ტელეგრამ არხმა Grey Zone-მა, რომელიც თავის მხრივ ევგენი პრიგოჟინის სტრუქტურებთანაა დაკავშირებული. წერილში რუსი სამხედროები წერენ, რომ შეტევის 4 დღის შემდეგ მოკლულია ბრიგადის 300-მდე მებრძოლი და განადგურებულია ტექნიკის 50%. 

ცუდად დაგეგმილ შეტევასა და მძიმე დანაკარგებში 155-ე ბრიგადის სამხედროები რუსეთის აღმოსავლეთ სამხედრო ოლქის მეთაურს, რუსტემ მურადოვს ადანაშაულებენ. 

უგლედარის მიმართულებით შეტევა რუსეთის არმიამ პირველ ნოემბერს დაიწყო, აქ იერიშის მთავარი მიმართულება დასახლებულ პუნქტ პავლოვკაზე გადის. ამ მიმართულებით ოკუპანტების მიზანია ქალაქს ორივე მხრიდან შემოარტყან ალყა და უკრაინის არმიას უკან დაახევინონ. 

თავის მხრივ რუსულ ტელეგრამ არხებზე გასული დღეების განმავლობაში აქტიურად ვრცელდებოდა ცნობები პავლოვკას დაკავების შესახებ, თუმცა მალევე გავრცელდა საპირისპირო ინფორმაცია. 

სავარაუდოა, რომ ოკუპანტები ამ მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ საცეცხლე ალყაში აღმოჩდნენ.

რუსების მძიმე დანაკარგების ამსახველ კადრებს ავრცელებს უკრაინელი სამხედრო ჟურნალისტი დენის კაზანსკი. 

მსგავსი სიახლეები