დრონების თავდასხმა კურსკზე: რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა
რუსეთის ქალაქ კურსკში, 4 აპრილის საღამოს, სულ მცირე 3 ადგილას გაჩნდა ხანძარი, მათ შორის საცხოვრებელ კორპუსში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ეს არის დრონის თავდასხმისა და საჰაერო თავდაცვის მოქმედების შედეგი.
ამ ინფორმაციას კურსკის ოლქის გუბერნატორი რომან სტაროვოიტი ავრცელებს.
გუბერნატორი წერს, რომ სავარაუდოდ, უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შემდეგ, ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია საცხოვრებელ კორპუსზე დარტყმაზე და კიდევ ორი კერძო სახლის დაზიანებაზე.
გარდა ამისა, ხანძარი ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედების განვითარების რეგიონული ცენტრის შენობაშიც გაჩნდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ კურსკში 7 დრონი ჩამოაგდეს.