ძალთა გაბნევა და უთანხმოება დაგეგმვისას - WaPo ЗСУ-ს იერიშის ჩავარდნის მიზეზებზე
უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრიერიშის ჩავარდნის მიზეზად რუსეთის მიერ აგებული თავდაცვითი ზღუდეების სიღრმე, უკრაინული არმიის არასკმარისი მოდერნიზაცია, საჰაერო უპირატესობის არქონა და ოპერაციის დაგვიანებული დაწყებაა.
ЗСУ-ს ჩავარდნილი კონტრიერიშის მიზეზებსა და მიმდინარეობაზე Washington Post 2 ვრცელ პუბლიკაციას ავრცელებს. მასალები დაფუძნებულია უკრაინისა და აშშ-ს მთავრობის სამხედრო და პოლიტიკურ მაღალჩინოსნებთან ინტერვიუებზე, რომლებიც მონაწილეობდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
რეალპოლიტიკა გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს Washington Post-ის მასალებიდან.
- დასავლელმა მოკავშირეებმა ვერ გათვალეს სწორად თუ რამდენად შესაძლებელი იყო უკრაინული არმიის მოდერნიზაცია ძალიან მოკლე დროში. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინის საჰაერო ძალების რესურსები მნიშვნელოვნად ჩამორჩება რუსეთისას;
- ამერიკელი და უკრაინელი სამხედრო და პოლიტიკური მაღალჩინოსნები პერიოდულად ვერ თანხმდებოდნენ კონტრიერიშის სტრატეგიასა და ტაქტიკაზე. პენტაგონში მიიჩნევდნენ, რომ უკრაინის კონტრიერიში მიმდინარე წლის აპრილში უნდა დაწყებულიყო, რათა ხელი შეეშალა რუსეთის არმიისთვის საფორტიფიკაციო ნაგებობებისა და თავდაცვითი ზღუდეების აღმართვაში. თავის მხრივ უკრაინის ხელმძღვანელობა დამატებითი შეიარაღებისა და ახალი შენაერთების არასაკმარისი წვრთნის გამო ორჭოფობდა;
- ამერიკელები დარწმუნებულები იყვნენ, რომ უკრაინელებს ძალების სამხრეთში კონცენტრირებასა და პირდაპირი, მექანიზებული შტურმის დაწყებას ურჩევდნენ, მაგრამ უკრაინელებმა ძალების 3 ფრონტზე გაშლა და ერთდროული იერიშის წამოწყება არჩია;
- უკრაინელები ფიქრობდნენ, რომ ამგვარი კონცენტრირებული პირდაპირი იერიშის პირობებში დანაკარგები მიუღებლად მაღალი იქნებოდა როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ტექნიკის. ამერიკელები კი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამგვარი იერიშის გარეშე ბრძოლა გამოფიტვის ხასიათს მიიღებდა, რაც საბოლოოდ მაინც უფრო მეტი დანაკარგებით დასრულდებოდა;
- კონტრიერიშის მოდელირებამ აჩვენა, რომ კონცენტრირებული იერიშის წამოწყების შემთხვევაში უკრაინის არმიას წარმატების უფრო მეტი შანსი ჰქონდა. პენტაგონის შეფასებით, ЗСУ 60-90 დღის ვადაში შეძლებდა აზოვის ზღვის სანაპირომდე გასვლას. შედარებით, მოკრძალებული იყო აშშ-ს ცენტრალური დაზვერვის სამმართველოს შეფასება, რომლის მიხედვითაც, უკრაინის წარმატების შანსი 50-50-ზე იყო;
- კონტრიერიშის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ პოლონეთის ტერიტორიაზე გამართული შეხვედრის დროს ლოიდ ოსტინმა უკრაინელ კოლეგას კითხა თუ რატომ არ იყენებენ უკრაინელები გამნაღმველ ტექნიკას ფართე მექანიზებული იერიშისთვის
- ოსტინის კითხვაზე უკრაინის თავდაცვის იმდროინდელ მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა უპასუხა, რომ იერიშის მიმდინარეობის შესახებ გადაწყვეტილებები უკრაინელმა მეთაურებმა მიიღეს, მაგრამ აღნიშნა, რომ მექანიზებული კოლონების გამოყენებისას პირველი მცდელობისას რუსები ჯავშანტექნიკას ვერტმფრენების, დრონებისა და არტილერიის გამოყენებით სწრაფად ანადგურებდნენ;
- უკრაინის შეიარაღებული ძალების 47-ე მექანიზებული ბრიგადის პირადი შემადგენლობის 70% მობილიზებული პერსონალი იყო, რომელსაც არანაირი საბრძოლო გამოცდილება არ ჰქონდა - სწორედ ეს ბრიგადა იდგა ზაპორიჟიაში დაწყებული იერიშის ავანგარდში;
- დანაღმული ველების სიმჭიდროვემ, დრონების სიმრავლემ და საარტილერიო ცეცხლის ინტენსივობამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა;
- თავდაპირველი გეგმის მიხედვით, იერიშის პირველ 24 საათში 47-ე ბრიგადას სოფელ რობოტინეს მიმართულებით 14 კილომეტრი უნდა გაეარა, მაგრამ გეგმა იერიშის პირველივე დღეს ჩავარდა;
- იერიშის მეოთხე დღეს დანაკარგების ზრდის ფონზე, ვალერი ზალუჟნიმ იერიშის შეჩერება და ტაქტიკის შეცვლის ბრძანება გასცა - უკრაინული ძალები მცირე ჯგუფებით იერიშის ტაქტიკაზე გადავიდნენ;
- ევროპაში აშშ-ს ძალების მეთაური, კრისტოფერ კავოლი კამპანიის დაწყებიდან რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდა ვალერი ზალუჟნის;
- მხარეები იერიშის წარუმატებლობაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ: ამერიკელები ფიქრობდნენ, რომ ძალების გაშლა 3 მიმართულებით საბედისწერო შეცდომა იყო, ხოლო უკრაინელები მიიჩნევდნენ, რომ ამერიკელები ვერ იაზრებიან თუ რამდენად რთული ვითარებაა ბრძოლის ველზე, დრონების მასობრივი გამოყენების ფონზე;