სენატის ორპარტიული ჯგუფი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ ცნობას ითხოვს

სენატორების ორპარტიული ჯგუფი რუსეთის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოდ ცნობას მოითხოვს - მიზეზი 20 ათასამდე გატაცებული უკრაინელი ბავშვია. 

ვითარების არსი: ამგვარად სენატში კვლავ იზრდება მოწოდებები რუსეთის მიმართ ეკონომიკური და პოლიტიკური წნეხის გაზრდის შესახებ - დასავლური მედიის ცნობით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევამ გააძლიერა სენატის სურვილი - მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთს. 

  • ინიციატივის გასვლის შემთხვევაში რუსეთი და ბელარუსი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოებად გამოცხადდებიან - აქტის მიზანია აიძულოს რუსეთი სამშობლოში დააბრუნოს 19-ათასამდე უკრაინელი ბავშვი. 

  • ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიაში ამ დროისთვის შედიან: ჩრდილოეთ კორეა, ირანი, სირია და კუბა. 

ჩაშლილად: აქტის ინიცატორები არიან სენატორები: ლინდსი გრემი და კეიტ ბრიტი რესპუბლიკური პარტიიდან, ასევე რიჩარდ ბლუმენტალი და ემი კლობუშარი დემოკრატიული პარტიიდან. 

  • "ამ სიაში მოხვედრა რთულია, მაგრამ რუსეთმა ეს ნამდვილად დაიმსახურა"- განაცხადა ლინდსი გრემმა - მისი თქმით, ინიციატორებს სურთ პროცესი მაქსიმალურად დაჩქარებულად წარიმართოს. 


  • ახალი აქტის პარალელურად გრემი და მისი თანამოაზრეები ცდილობენ წინ წაწიონ მათ მიერ რამდენიმე თვის დარეგისტრირებული კიდევ ერთი აქტის მიღების პროცესი, რომელიც რუსული ენერგორესურსების შემსყიდველი ქვეყნებისთვის 500%-იანი საბაჟო ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს. 

  • გრემის თქმით, გასულ დღეებში აღნიშნული აქტის საკითხზე თეთრ სახლთან კარგი საუბარი ჰქონდა და წინააღმდეგობრივი საკითხები თითქმის სრულად აღმოიფხვრა - "მომდევნო კვირას შემეძლება გითხრათ - სად ვართ ზუსტად"- ამბობს სენატორი. 
  • წყაროების ცნობით, მომდევნო კვირას უნდა გაირკვეს თუ როდის ჩაინიშნება გრემისა და ბლუმენტალის აქტის კენჭისყრა - სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჯონ თიუნის თქმით, აქტის მიღების მიმართ გაზრდილი ინტერესია. 

სტრიქონებს შორის: ამერიკულ მედიასთან საუბარში გრემი ამბობს, რომ ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოცხადება რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის კიდევ ერთი ინსტრუმენტია. 

  • "რუსები შეიჭრნენ უკრაინაში და ჩვენი მონაცემებით 19 456 ბავშვი გაიტაცეს. რა არის ამაზე სწორი პასუხი? რაღაც უნდა გავაკეთოთ, რაღაც უნდა მოვიფიქროთ, რომ ეს მიუღებელი იყოს"- ამბობს გრემი. 

კონტექსტი: ცოტა ხნის წინ Fox News-ის სტუდიაში მყოფმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინის მიმართ მისი მოთმინება სწრაფად იწურება. 

  • ამერიკელი პრეზიდენტი რუსეთს სანავთობო და საბანკო სექტორის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებით და მეორადი სავაჭრო ტარიფების დაწესებით დაემუქრა.

მსგავსი სიახლეები