ერთწლიანი პრემიერობის შემდეგ ნაფტალი ბენეტი პოლიტიკიდან მიდის
ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ნაფტალი ბენეტი პოლიტიკიდან დროებით მიდის. ბენეტმა პრემიერის პოსტი გასული წლის გაზაფხულზე განგრძობითი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ დაიკავა.
ინფორმაციას ამის შესახებ Times Of Israel ავრცელებს.
ბენეტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილების შესახებ უკვე იციან მისმა თანაპარტიელებმა.
მოსალოდნელია, რომ ბენეტი პოლიტიკიდან ახალი არჩევნების ჩატარების შემდეგ წავა, რომელიც მიმდინარე წლის გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს. ამავდროულად მოსალოდნელია, რომ ბენეტის პრემიერობა ხვალ, 30 ივნიის მას შემდეგ დასრულდება, რაც ქნესეთში თვითდაშლის პროცედურა დასრუდება.
ბენეტი ამ საკითხზე ისრაელის მოსახლეობას ადგილობრივი დროით 8 საათზე მიმართავს.
ისრაელის მმართველმა კოალიციამ ქნესეთის გაწვევა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გასულ კვირას გადაწყვიტა.
ამგვარად ბოლო 4 წლის განმავლობაში ეს ქვეყანაში მეხუთე არჩევნები იქნება.
ისედაც არამყარი საპარლამენტო კოალიციის დაშლის მიზეზი ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე არსებული ებრაული დასახლებების შესახებ კანონის მოქმედების ვადის ამოწურვა გახდა.
ბენეტისა და ლაპიდის გუნდი გასული კვირების განმავლობაში ცდილობდნენ კანონის ვადის გახანგრძლივებას, თუმცა საკმარისი ხმები ვერ მოიპოვეს. რის შედეგადაც გასულ კვირას ბენეტის პარტიის დეპუტატმა, ნირ ორბახმა კოალიციიდან გასვლის შესახებ განაცხადა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ბენეტი ცდილობდა საკუთარი თანაპარტიელის გადარწმუნებას, თუმცა უშედეგოდ და საბოლოოდ მეტი ზიანის თავიდან ასაცილებლად ამჯობინა ინიციატივა საკუთარ თავზე აეღო.
"ეს არ არის მარტივი მომენტი, მაგრამ ჩვენ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი ამ კოალიციის შესანარჩუნებლად. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ლაპიდმა პრემიერის პოსტი ყველანაირი პრობლემის გარეშე ჩაიბაროს", - განაცხადა ბენეტმა.
"ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ძალებს, რომლებსაც სურთ ისრაელი არადემოკრატიულ სახელმწიფოდ გადააქციონ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ",- განაცხადა იაირ ლაპიდმა.
კოალიციის გადაწყვეტილებას "დიდებული ამბავი" უწოდა ისრაელის ყოფილმა პრემიერმა ბიბი ნეთანიაჰუმ და განაცხადა, რომ მას ფართო ნაციონალური კოალიციის ჩამოყალიბება სურს.
"უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ეს მთავრობა ყველაზე დიდი ჩავარდნაა ისრაელის ისტორიაში", - თქვა ნეთანიაჰუმ.
მოსალოდნელია, რომ არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში ებრაული დღესასწაულების შემდეგ გაიმართება.
ეს ცვლილებები განსაკუთრებით საყურადღებოა ჯო ბაიდენის დაგეგმილი ვიზიტის ფონზე, რომელიც ისრაელში 13 ივლისს გაიმართება.
ამ კონფიგურაციით სახელმწიფოს მეთაურის რანგში ბაიდენს სწორედ იაირ ლაპიდი უმასპინძლებს.
ნაფტალი ბენეტის შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე.
ისრაელში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე მეტის გასაგებად შეგიძლიათ მოუსმინოთ ჩვენ პოდკასტს არასაფრენი ზონა.