ისრაელის მმართველი კოალიცია დაიშალა, ქვეყანა ახალი არჩევნებისთვის ემზადება

ისრაელის მმართველმა კოალიციამ ქნესეთის გაწვევა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გადაწყვიტა. ამის შესახებ გამართულ ბრიფინგზე კოალიციის ლიდერებმა - პრემიერმა ნაფტალი ბენეტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაირ ლაპიდმა განაცხადეს. 

შეთანხმების მიხედვით, მას შემდეგ, რაც ქნესეთი დაიშლება და ახალი არჩევნები ჩაინიშნება, გარდამავალი პრემიერის პოსტს იაირ ლაპიდი დაიკავებს. გარდა ამისა ლაპიდი შეინარჩუნებს საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელსაც. 

ამგვარად ბოლო 4 წლის განმავლობაში ეს ქვეყანაში მეხუთე არჩევნები იქნება. 

ისედაც არამყარი საპარლამენტო კოალიციის დაშლის მიზეზი ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე არსებული ებრაული დასახლებების შესახებ კანონის მოქმედების ვადის ამოწურვა გახდა. 

ბენეტისა და ლაპიდის გუნდი გასული კვირების განმავლობაში ცდილობდნენ კანონის ვადის გახანგრძლივებას, თუმცა საკმარისი ხმები ვერ მოიპოვეს. რის შედეგადაც გასულ კვირას ბენეტის პარტიის დეპუტატმა, ნირ ორბახმა კოალიციიდან გასვლის შესახებ განაცხადა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ბენეტი ცდილობდა საკუთარი თანაპარტიელის გადარწმუნებას, თუმცა უშედეგოდ და საბოლოოდ მეტი ზიანის თავიდან ასაცილებლად ამჯობინა ინიციატივა საკუთარ თავზე აეღო.

"ეს არ არის მარტივი მომენტი, მაგრამ ჩვენ მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი ამ კოალიციის შესანარჩუნებლად. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ლაპიდმა პრემიერის პოსტი ყველანაირი პრობლემის გარეშე ჩაიბაროს", - განაცხადა ბენეტმა. 

"ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ძალებს, რომლებსაც სურთ ისრაელი არადემოკრატიულ სახელმწიფოდ გადააქციონ. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ",- განაცხადა იაირ ლაპიდმა. 

კოალიციის გადაწყვეტილებას "დიდებული ამბავი" უწოდა ისრაელის ყოფილმა პრემიერმა ბიბი ნეთანიაჰუმ და განაცხადა, რომ მას ფართო ნაციონალური კოალიციის ჩამოყალიბება სურს. 

"უკვე ყველასთვის ნათელია, რომ ეს მთავრობა ყველაზე დიდი ჩავარდნაა ისრაელის ისტორიაში", - თქვა ნეთანიაჰუმ. 

მოსალოდნელია, რომ არჩევნები მიმდინარე წლის ოქტომბერში ებრაული დღესასწაულების შემდეგ გაიმართება. 

ეს ცვლილებები განსაკუთრებით საყურადღებოა ჯო ბაიდენის დაგეგმილი ვიზიტის ფონზე, რომელიც ისრაელში 13 ივლისს გაიმართება. 

ამ კონფიგურაციით სახელმწიფოს მეთაურის რანგში ბაიდენს სწორედ იაირ ლაპიდი უმასპინძლებს.  

მსგავსი სიახლეები