ესტონელებმა უკრაინისთვის 21 დრონის შესაძენად 223 000 ევრო შეაგროვეს
უახლოეს მომავალში უკრაინა სადაზვერვო დრონებს მიიღებს, რომელთა შესაძენადაც ესტონეთში თანხა შარშან შემოდგომაზე შეგროვდა.
ამ ინფორმაციას Postimees ავრცელებს.
თანხის შეგროვება გასული წლის შემოდგომაზე ესტონეთის ეროვნული თავდაცვის უმაღლესი აკადემიის კურსდამთავრებულთა ჯგუფმა დაიწყო. სამშაბათს მათ განაცხადეს, რომ თანხის შეგროვება დასრულდა.
შემოწირულობების შეგროვება ესტონეთის crowdfunding პლატფორმაზე toeta.me-ზე დაიწყო და თანხა ესტონეთიდან და საზღვარგარეთიდან 3986-მა ინდივიდმა შესწირა. კამპანიის დროს 222 933 ევრო გადაირიცხა, რაც toeta.me პლატფორმაზე ოდესმე შეგროვებული ყველაზე დიდი თანხაა.
შეგროვებული თანხებით ისინი არამარტო შეიძენენ, არამედ გააუმჯობესებენ 21 დრონის ტექნიკურ მახასიათებლებს, რათა რუსებმა ვერ შეძლონ დრონების საწინააღმდეგო სისტემით მათი ჩახშობა.
უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინაში უახლოეს კვირებში გაიგზავნება.
EOS C VTOL-მა უკრაინაში ომში თავი უკვე გამოიჩინა, როგორც მაღალი დონის სადაზვერვო დრონმა. საკომუნიკაციო კავშირის მქონე დრონების ფრენის დიაპაზონი 50 კილომეტრამდეა, ავტონომიური ფრენის დიაპაზონი კი 150 კილომეტრამდე.
ამ დრონებს უკვე აქვთ დაფიქსირებული ბევრი მნიშვნელოვანი კადრი და ღირებული სადაზვერვო ინფორმაცია, რამაც გავლენა მოახდინა რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის მიმდინარეობაზე.