EU-ის 10 წევრი სახელმწიფოს ფერმერები ერთობლივ საპროტესტო აქციას აწყობენ

ევროპის კავშირის სოფლის მეურნეობის, მწვანე შეთანხმების, გაზრდილი წარმოების ხარჯების, შემცირებული შემოსავლის გასაპროტესტებლად ევროპული გაერთიანების 10 წევრი სახელმწიფოს ფერმერები ერთობლივ საპროტესტო აქციას აწყობენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის კავშირის მწვანე შეთანხმების მიხედვით, 2050 წლისთვის აღარ იქნება სათბურის აირების გაფრქვევა; ეკონომიკური ზრდა აღარ იქნება დამოკიდებული რესურსების გამოყენებაზე; არცერთი ადამიანი და არცერთი ადგილი არ დარჩება მწვანე შეთანხმების მიღმა. შეთანხმება ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებში ინვესტირებას, ენერგეტიკის სექტორის დეკარბონიზაციას, შენობების მეტი ენერგოეფექტურიბით უზრუნველყოფას, გლობალური გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებას და ა.შ. ითვალისწინებს.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, დემონსტრაციაში ცენტრალური ევროპის, ბალტიისპირეთისა და ბალკანეთის ქვეყნების ფერმერები იღებდნენ მონაწილეობას.

ევროპელი ფერმერები აცხადებენ, რომ ისინი პროდუქციას ევროპის კავშირის მკაცრი რეგულაციები პირობებში აწარმოებენ, რაც მათ წარმოების ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის და საკვების დაბალ ფასად გაყიდვის შესაძლებლობას გამორიცხავს. მაღალი ფასის გამო ევროპელ ფერმერთა პროდუქცია იმპორტირებულ იაფ საკვებს კონკურენციას ვერ უწევს, რის გამოც ფერმერი შემოსავალს კარგავს.

კონტექსტი

2023 წლის დეკემბრიდან ევროპის კონტინენტი ფერმერების მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. ქვეყნების მიხედვით, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული ადამიანების პრობლემები და მათ მიმართ ხელისუფლების მიდგომა ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა არსებობს გარკვეული საკითხები, მათ შორის ევროპის მწვანე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და ევროპული გაერთიანების საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა (CAP), რაც ევროპელ ფერმერთა საერთო წუხილის მიზეზს წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები