ევროკავშირი უკრაინას დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას გადასცემს
19 ოქტომბერს ევროკომისიამ უკრაინისთვის დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება გამოაცხადა.
"მოახლოებული ზამთარი სავარაუდოდ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის უკრაინას და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის", - თქვა იანეზ ლენარჩიჩმა, ევროკომისარმა კრიზისების მართვის საკითხებში, რომელიც კიევში იმყოფება.
კერძოდ, საუბარია დროებითი ზამთრის თავშესაფრების შექმნაზე, რისთვისაც ამოქმედდება საგანგებო მექანიზმი rescEU. უკრაინას ასეთი სისტემებისა და სხვა ნივთების 62.3 მილიონი ევროს ღირებულების მარაგი გადაეცემა.
ლენარჩიჩმა განაცხადა, რომ ზამთრის თავშესაფრები დაუყოვნებლივ მოეწყობა უკრაინის სამ სხვადასხვა რეგიონში - რივნეში, ბუჩასა და ხარკოვში. რუმინეთში განთავსებული საცხოვრებლის წყალობით, ევროკავშირი შეძლებს დროებითი თავშესაფრით 46 000-მდე ადამიანი უზრუნველყოს.
გარდა ამისა, ევროკავშირი უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას დამატებით 175 მილიონი ევროთი ზრდის, რათა ყველაზე დაუცველთათვის განათლება და საკვები, წყალი და ზამთრის სიცივისგან დაცვა უზრუნველყოს. ამ თანხიდან 150 მილიონი უკრაინაში ოპერაციებს მოხმარდება, 25 მილიონი - მოლდოვას.
ამით უკრაინის ომის საპასუხოდ გამოყოფილი ევროკავშირის ჰუმანიტარული დახმარების საერთო რაოდენობა 500 მილიონ ევროს აღწევს.