ევროკავშირმა და ბრიტანეთმა ჩრდილოეთ ირლანდიაზე შეთანხმებას მიაღწიეს

ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავს ბრექსიტის შემდეგ ჩრდილოეთ ირლანდიის შესახებ ხანგრძლივი სავაჭრო დავის მოგვარებას. ამის შესახებ 27 თებერვალს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც ბრიტანეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ჩრდილოეთ ირლანდიის თავდაპირველი პროტოკოლი, რომელიც ბრექსიტის შემდეგ ბრიტანულ პროვინციასთან ურთიერთობას ძირითადად საბაჟო და სასაზღვრო საკითხებზე არეგულირებს, შეიცვლება.

სუნაკის თქმით, შეთანხმებით შესაძლებელი გახდება შეუფერხებელი, თავისუფალი ვაჭრობა ირლანდიის ზღვაში საზღვრების გარეშე. მან იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტი იქნება ახალი თავის დასაწყისი დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში.

ხანგრძლივი დავის ცენტრალური საკითხი ჩრდილოეთ ირლანდიის პროტოკოლი იყო. პროტოკოლი არეგულირებს საქონლის გადაადგილებას ბრიტანეთის ჩრდილოეთ ირლანდიასა და ევროკავშირის წევრ ირლანდიას შორის.

მოლაპარაკებების მიზანი ის იყო, რომ ქვეყნებს შორის კუნძულ ირლანდიაზე, საზღვარი არ გაჩენილიყო, რამაც ჩრდილოეთ ირლანდიაში, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი შეიძლება გაამწვავოს.

არსებობდა შიში, რომ შესაძლოა ახალი ძალადობა გაჩაღებულიყო ბრიტანეთის მომხრე იუნიონისტებს და ჩრდილოეთ ირლანდიის ირლანდიის რესპუბლიკასთან გაერთიანების მომხრეებს შორის.

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი დაახლოებით სამი წელია აღარ არის. ამ უთანხმოებამ მნიშვნელოვნად გააუარესა ურთიერთობები ლონდონსა და ბრიუსელს შორის.

მსგავსი სიახლეები