ევროკავშირმა ჰუსიტებთან საბრძოლველად შესაძლოა სამხედრო ხომალდები გაგზავნოს - Politico
ევროკავშირს სურს სულ მცირე სამი ხომალდი გაგზავნოს წითელ ზღვაში იემენელი ჰუსიტებისგან გემების დასაცავად.
POLITICO-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ბლოკმა უნდა შექმნას "ევროკავშირის ახალი ოპერაცია," რომელიც "იმოქმედებს უფრო ფართო არეალში, წითელი ზღვიდან ყურემდე." ოპერაციის დაწყება შესაძლებელი იქნება თებერვლის ბოლოს.
ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტი მეამბოხეები აცხადებენ, რომ წითელ ზღვაში გემებს პალესტინელების მხარდასაჭერად ესხმიან თავს. მათი აქტივობების გამო, გემებმა მარშრუტი შეცვალეს და აფრიკის შემოვლით მიდიან ევროპისაკენ, რაც მგზავრობის დროს 10 დღით ზრდის.
დეკემბერში შეერთებულმა შტატებმა წითელ ზღვაში, ჰუსიტების წინააღმდეგ ოპერაცია Prosperity Guardian დაიწყო. ეს ოპერაცია შედგება პარტნიორების ad hoc კოალიციისგან (ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, მხოლოდ 13-ს სურს თავისი მონაწილეობის გამჟღავნება).
დოკუმენტში ნათქვამია, რომ "ოპერაციის ზუსტი ზომა და შემადგენლობა დაექვემდებარება შემდგომ ოპერაციულ დაგეგმვას", მაგრამ მოიცავს "მინიმუმ სამ გამანადგურებელს ან ფრეგატს სხვადასხვა მისიის შესრულების შესაძლებლობებით, მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში."
ახალი მისია დაეფუძნება Agenor-ს, საფრანგეთის ხელმძღვანელობით ერთობლივ სადაზვერვო ოპერაციას, რომელიც მოიცავს მთელ ყურეს, ჰორმუზის სრუტეს და არაბეთის ზღვის ნაწილს და რომელიც შედგება ევროპის ცხრა ქვეყნისგან: ბელგია, დანია, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, იტალია, ნიდერლანდები, ნორვეგია და პორტუგალია.