ევროკომისია უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს - Politico
ევროკომისია უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს, წერს გამოცემა Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
უკრაინამ, საქართველოსთან და მოლდოვასთან ერთად, ბლოკის წევრობაზე განაცხადი ომის დაწყებიდან ცოტა ხნის შემდეგ გააკეთა.
Politico-ს წყაროების თანახმად, ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოში კარგად აცნობიერებენ „უკრაინელების მიერ გაღებულ მსხვერპლს“ და რუსეთისთვის „ძლიერი სიგნალის“ გაგზავნის აუცილებლობას.
„ევროკომისიას არ ავიწყდება, რომ უკრაინა ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ადამიანები დაიღუპნენ, ადამიანებს ესროდნენ იმიტომ, რომ ქუჩებში ევროკავშირის დროშებით დადიოდნენ.
ჩვენ მათ უარით ვერ გავისტუმრებთ, რომ ბოდიშით, არასწორი დროშები გეკავათ“, - აცხადებს ერთ-ერთი ბრიუსელელი მაღალჩინოსანი.
უკრაინის, ისევე როგორც „ასოცირების ტრიოს“ დანარჩენი წევრებისთვის კანდიდატობის მინიჭებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების თანხმობა სჭირდება, რომლებიც ევროპული საბჭოს ფარგლებში თვის ბოლოს შეიკრიბებიან.
გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის მიმართ სკეპტიკურად განწყობილია სამი წევრი სახელმწიფო.
უკრაინის მთავრობაში აცხადებენ, რომ სკეპტიკოსი ქვეყნების გადასარწმუნებლად ინტენსიური დიპლომატიური მუშაობა მიმდინარეობს.
„ჩვენ არ მივიღებთ [კანდიდატობის] სხვა ალტერნატივებს და კომპრომისებს, როგორც ამას ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი გვთავაზობს“, - ამბობს ზელენსკის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იჰორ ჟოვკვა.
გასულ თვეში საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირში შესვლის მსურველ ქვეყნებს შესაძლოა ბლოკში გაწევრიანებისგან განსხვავებული გზა შესთავაზონ „ევროპის პოლიტიკურ თანამეგობრობაში“ ინტეგრაციის სახით.