ევროპა: რუსეთის მოთხოვნების გამო ირანის ბირთვული შეთანხმება შეიძლება ჩავარდეს
დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი აცხადებენ, რომ რუსეთის მიერ წამოყენებულმა მოთხოვნებმა ირანის ბირთვული შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები შეიძლება ჩაშალოს.
მოსკოვი შეთანხმებაში გარანტიების ჩადებას მოითხოვს, რომლებიც რუსეთის ირანთან ვაჭრობას ევროკავშირის და აშშ-ს შესაძლო სანქციებისგან დაიცავს.
ბირთვული ხელშეკრულების აღსადგენად მოლაპარაკებები ვენაში გასული წლის ნოემბრიდან მიმდინარეობს.
შეთანხმება, რომელიც 2015 წელს ირანს, აშშ-ს, რუსეთს, ჩინეთს და სამ ევროპულ ქვეყანას შორის დაიდო, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ თეირანის მიერ ბირთვული იარაღის პროგრამის შეჩერებას ისახავდა მიზანს.
2018 წელს ხელშეკრულება აშშ-მ დატოვა, რის შემდეგაც ირანმა ატომური იარაღის შესაქმნელად ურანის გამდიდრება გააგრძელა.
გასულ თვეში ვენაში შეკრებილმა დელეგაციებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები ბოლო სტადიაში იმყოფებოდა და შეთანხმების მისაღწევად ირანის პოლიტიკური ნება იყო საჭირო.
თუმცა რუსეთის მიერ წამოყენებულმა პირობებმა ხელშეკრულების აღდგენას შესაძლოა სერიოზული დაბრკოლება შეუქმნას.
„არავინ არ უნდა მოინდომოს მოლაპარაკებების ისეთი თემებისთვის გამოყენების უფლება, რომელიც შეთანხმებას არ ეხება“, - ნათქვამია ბრიტანეთის, გერმანიის და საფრანგეთის ერთობლივ განცხადებაში.