ევროპარლამენტი არ დაამტკიცებს ევროპული საბჭოს დაფინანსებას, სანამ უკრაინა დამატებით Patriot-ებს არ მიიღებს

ევროპარლამენტმა უარი თქვა ევროპული საბჭოს დაფინანსების დამტკიცებაზე, რადგან ევროკავშირის ქვეყნები უკრაინას დამატებით Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებს არ აწვდიან.

ევროპარლამენტარმა, ბელგიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გი ვერჰოფშტადტმა ინიციატივა გამოთქვა დღის წესრიგიდან ამოიღონ ევროპული საბჭოს ბიუჯეტის დამტკიცება მანამ, სანამ წევრი ქვეყნები არ იპოვიან შვიდ Patriot-ის სისტემას, რომელიც უკრაინას ძალიან სჭირდება.

ვერჰოფშტადტმა გაიხსენა ჟოზეპ ბორელის სიტყვები, რომ ევროპის ქვეყნებს ასი Patriot-ის სისტემა აქვთ, უკრაინას კი შვიდი სჭირდება.

მის წინადადებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ. გადაწყვეტილებას უპრეცედენტო მოვლენას უწოდებენ. მას მხარი 515-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 62 დეპუტატი იყო.

"პარლამენტი უარს ამბობს საბჭოს ბიუჯეტის დამტკიცებაზე, სანამ ევროპული საბჭო არ გადაწყვეტს უკრაინის დამატებითი Patriot-ის სარაკეტო თავდაცვის სისტემებით მხარდაჭერას!" - თქვა ვერჰოფშტადტმა.

"ევროპარლამენტმა შეაჩერა ევროპული საბჭოს დაფინანსების გადაწყვეტილება უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების მიწოდების შეფერხების გამო," - თქვა ანდრიუს კუბილიუსმა, ევროპარლამენტარმა და ლიეტუვის ყოფილმა პრემიერმა.

ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკო: "ბოდიშს გიხდით მედიის იმედების გაქრობისთვის, მაგრამ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება არ დაამტკიცოს ევროპული საბჭოს 2022 წლის ბიუჯეტის შესრულება, რათა ევროკავშირმა უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები გაუგზავნოს, არის ცარიელი მუქარა და სუფთა პოლიტიკური თეატრი."

კონტექსტი

11 აპრილს, ღამით, რუსეთმა, უკრაინის 5 სხვადასხვა რეგიონში არსებულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კომბინირებული საჰაერო იერიში მიიტანა.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, მოწინააღმდეგის მხრიდან გამოყენებული 82 საჰაერო საშუალებებიდან, 57-ის განადგურება მოხერხდა.

რუსეთის ფედერაცია 2024 წლიდან, ყოველდღიურად ესხმის თავს უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

ყველაზე მასშტაბური საჰაერო შეტევა უკრაინაზე 22 მარტს განხორციელდა, როდესაც, რუსეთმა, უკრაინის წინააღმდეგ 151 ერთეული სხვადასხვა სახის საჰაერო საშუალება გამოიყენა ენერგეტიკულ და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთმა, უკრაინის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე იერიშების მიტანის ტაქტიკა შეცვალა. ახლა, ისინი, საჰაერო საფრთხეებისგან ნაკლებად დაცულ ობიექტებს ბომბავენ და მათ მთლიან განადგურებას ცდილობენ.

მსგავსი სიახლეები