ევროპარლამენტმა ლატვიელი დეპუტატი ჟდანოკი ФСБ-სთან მიმოწერისთვის დასაჯა
ევროპარლამენტის წევრს ლატვიიდან ტატიანა ჟდანოკს, რომელიც ეჭვმიტანილია რუსულ დაზვერვის სამსახურებთან თანამშრომლობაში, 5 დღით, დღიურად 1750 ევრო ჩამოერთვა. ეს გადაწყვეტილება ევროპარლამენტის წევრების ქცევის კოდექსის დარღვევის გამო მიიღეს.
ამ ინფორმაციას Delfi და ERR 10 აპრილს, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
გარდა ამისა, ჟდანოკს, რომელიც ევროპარლამენტის წევრია 2004 წლიდან, ჩამოერთვა უფლება წარმოადგენდეს ევროპარლამენტის დელეგაციებს ნებისმიერ ინსტიტუციურ ფორუმზე ამ მოწვევის დასრულებამდე.
მეცოლამ აღნიშნა, რომ მან არ გაასაჩივრა გადაწყვეტილება, ამიტომ ის საბოლოოა.
73 წლის ტატიანა ჟდანოკის საქმიანობის გარშემო სკანდალი იანვრის ბოლოს დაიწყო, როდესაც The Insider-მა გამოაქვეყნა გამოძიება რუსეთის მოქალაქეებთან, სავარაუდოდ, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან მის აქტიურ მიმოწერასთან დაკავშირებით. სხვა საკითხებთან ერთად, ჟდანოკმა მათ გაუგზავნა მოხსენებები მისი საქმიანობის შესახებ, წერენ გამოძიების ავტორები, რომელიც ჩატარდა ესტონელი, ლატვიელი და შვედი ჟურნალისტების მონაწილეობით, გატეხილი ელექტრონული მიმოწერის გამოყენებით.
ჟდანოკმა არ უარყო წერილების ავთენტურობა.
ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ევროპარლამენტმა ლატვიელი დეპუტატის წინააღმდეგ, რუსულ დაზვერვასთან კავშირების გამოძიება დაიწყო. ჟდანოკი თავისი პოლიტიკური ჯგუფიდან გარიცხეს და ევროპარლამენტის არცერთ ფრაქციას აღარ ეკუთვნის. თებერვალში პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია რუსეთის ფედერაციის გავლენის აგენტებთან დაკავშირებით.
გარდა ამისა, ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაიწყო გამოძიება ევროპარლამენტარ ტატიანა ჟდანოკის სავარაუდო თანამშრომლობაზე რუსეთის სპეცსამსახურებთან.
ევროპარლამენტის შემდეგი არჩევნები ივნისში გაიმართება. ტატიანა ჟდანოკი აღარ იყრის კენჭს, რადგან მას ეს უფლება ლატვიის სეიმმა ჩამოართვა.